
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უნდა დააზუსტოს, თუ რას ნიშნავს „ზანგეზურის დერეფანი“.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოიყენა გამოთქმა „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, ამ ტრიბუნიდან. ასეთი გამოთქმა დოკუმენტებში არ არის და არც არასდროს არსებობდა. ლოგიკურია აზერბაიჯანელმა კოლეგამ ამიხსნას, თუ რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტზე საუბართან.
8 აგვისტოს ჩვენ დეტალურად შევთანხმდით. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სხვადასხვა ტრიბუნიდან საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. არ მესმის, რატომ გამოიყენება აგრესიული ტექსტები, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო ობიექტურ რეალობასთან“, - განაცხადა ფაშინიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, 8 აგვისტოს, სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ვაშინგტონში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი შეერთებულ შტატებს 99 წლით ანიჭებს უფლებას 741-ე მარშრუტის განვითარებაზე, რომლითაც აზერბაიჯანი ნახიჩევანთან სახმელეთო კავშირის დამყარებას გეგმავს. აშშ მიწას ქვეიჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც 42 კილომეტრიანი დერეფნის გასწვრივ განავითარებს რკინიგზის, ნავთობის, გაზის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის და, შესაძლოა, ელექტროენერგიის გადაცემის ხაზებსაც.
სომხეთის ოპოზიციამ გაეროში ფაშინიანის გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა და „ვაშინგტონთან შეთანხმებები, ფაქტობრივად, ჩავარდა“.
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025