
როგორც დიდი ბრიტანეთის არმიის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ლორდ დანატმა განაცხადა, ზამთრისპირზე, რუსული სამხედრო ძალები ხერსონთან, მდ. დნეპრის მარცხენა ნაპირზე, პირველი მსოფლიო ომის სტილის სანგრებს თხრიან, რაც ხერსონში განლაგებულ კიევის სამხედრო ძალებს სირთულეებს უქმნის.
„რუსებმა იციან, რომ ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან და არ შეუძლიათ შემდგომი წინააღმდეგობის გაწევა, ამიტომ, განსაკუთრებით, როცა ზამთარი უკრაინაზე კრიზისულად იმოქმედებს, რუსი ჯარისკაცები სანგრების მომზადებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა სამხრეთით ქალაქ ხერსონის დაკავება შეძლეს, ისინი ახლა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე ეცდებიან რუსებზე თავდასხმას - სადაც, მოსკოვის ბრძანებით, პირველი მსოფლიო ომის სტილის სანგრები ითხრება,“ -თქვა ლორდ დანატმა.
ლორდ დანატმა ხაზი გაუსვა უკრაინელების ძალისხმევით ქალაქ ხერსონიდან რუსული არმიის უკან დახევის მნიშვნელობას, რადგან ისინი [უკრაინელები] ამჟამად "ჯერ კიდევ რუსულ საარტილერიო ზოლში არიან მოქცეულნი".
ლორდ დანატმა დასძინა, რომ ზამთრის მკაცრი ტემპერატურის ფონზე, უკრაინის ენერგეტიკულ სისტემებზე რუსეთის მუდმივმა თავდასხმებმა მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დასავლეთმა "უნდა გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა" და მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამხედრო ტექნიკის მიწოდების საკითხი.
ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ჯარებს ქალაქ ხერსონიდან გასვლის ბრძანება მიეცათ. ეს მნიშვნელოვანი მარცხი იყო რუსეთისთვის, რომელმაც ქალაქი ომის დასაწყისში დაიპყრო.
0
0