29/12/2021
10:58
სხვადასხვა
რეკორდი: „ყველაზე დიდი „ცოცხალი ნაძვის ხე"
ინდოეთი 2015 წელი
ინდოეთის ქალაქ ჩენგანურში, „ცოცხალი ნაძვის ხის“ შესაქმნელად 4030 ადამიანი მწვანე და ყავისფერ კოსტიუმებში გამოეწყო. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ადგილობრივი სკოლების მოსწავლე იყო. უზარმაზარი ნაძვის ხე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც „ადამიანებისგან შემდგარი ყველაზე დიდი ნაძვის ხე“. მანამდე ეს რეკორდი ჰონდურასელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც 2014 წელს 2945 ადამიანისგან შემდგარი ნაძვის ხე წარმოადგინეს.
რეკორდი: ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე
შრი-ლანკა, 2016 წელი
72 მეტრიანი ნაძვის ხე შრი-ლანკისერთ-ერთ უდიდეს ქალაქში - კოლომბოში დადგეს. გინესის რეკორდების წიგნში შესული ხე ყოველწლიური კარნავალის დეკორაცია გახლდათ, რომელიც კოლომბოში ასიათასობით ტურისტს იზიდავს.
რეკორდი: „ყველაზე მეტი განათება ნაძვის ხეზე“
ბელგია, 2010 წელი
ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ნაძვის ხე 2010 წელს, ბელგიაში აციმციმდა, რომელსაც 350 ცალი 3 მეტრიანი გირლანდა ამშვენებდა, რაც არც მეტი, არც ნაკლები, 194672 ნათურაა! 2019 წელს იაპონიაში განათების ახალი რეკორდი (591840 ნათურა) დაფიქსირდა, თუმცა ამჯერად, ხელოვნურ ნაძვზე.
რეკორდი: გიგანტური ფიფქია
იაპონია, 2019 წელი
ოსაკაში, საახალწლო ნაძვის ხის თავზე უზარმაზარი ფიფქი დაამონტაჟეს, რომლის გარეშემოწერილობა 3,196 მ-ია. სხვათა შორის, ეს არის იგივე ნაძვის ხეა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე მეტი განათების წყალობით მოხვდა.
რეკორდი: ყველაზე სწრაფად მორთული ნაძვის ხე
დიდი ბრიტანეთი 2018 წელი
ნაძვის ხის ყველაზე სწრაფად მორთვაში (34,52 წამი) რეკორდი ბრიტანელმა სემ ჰომვუდმა დაამყარა. ეს ყველაფერი კი ერთ-ერთ ბრიტანულ ტელეარხზე საახალწლო საბავშვო შოუს პირდაპირ ეთერში მოხდა.
რეკორდი: ნაძვის ხის ყველაზე ძვირადღირებული დეკორაცია
არაბთა გაერთიანებული სამიროები 2010 წელი
ნაძვის ხე ოქროს ფასად - ასე უწოდეს ნაძვს, რომელიც აბუდაბის ერთ-ერთ სასტუმროში დაიდგა. დეკორაციის ღირებულებამ, რომლითაც ახალი წლის სიმბოლო მორთეს ასტრონომიული თანხა - 11,27 მილიონიდოლარი შეადგინა. 13,1 მეტრიან ნაძვს, რომელმაც გინესის რეკორდების წიგნში დამსახურებული ადგილი დაიკავა, ოქროსა და ბრილიანტისგან დამზადებული 181 ხელნაკეთი სამკაული ამშვენებდა.
„გაიხედე ფანჯრიდან“
2015 წელს ესტონეთის ქალაქ რაკვერეს მთავარ მოედანზე ორიგინალური ნაძვის ხის ინსტალაცია დადგეს, რომელიც ადგილობრივი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა ძველი ფანჯრის ჩარჩოებისგან დაამზადეს. 12 მეტრიანი ნაძვის ხის 121 სარკმელი სხვადასხვა ფერებით განათდა.
რამდენიმე წლის წინ ბუდაპეშტში, უნგრელმა არქიტექტორებმა 11 მეტრიანი ნაძვის ხე დადგეს, რომლის დასამზადებლად 15 ტონა ხის მორი გამოიყენეს. მსურველებს ნაძვის ხის შიგნით შესვლა და დასვენება შეეძლოთ.
2013 წელს მადრიდის მთავარ მოედანზე ოქროს ნაძვის ხე გამოჩნდა. 40 მეტრიანი ნაძვის ხე ქარვისფერი სტრუქტურებისგან იყო დამზადებული. ინსტალაციის შიგნით სელფებისთვის განსაცვიფრებელი ადგილები დამონტაჟდა.
0
0