05/04/2023
17:10
პოლიტიკა
დეპუტატმა ხატია დეკანოიემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას დღეს განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შემაშფოთებელია და აუცილებელია მასთან უცხოელი ექიმების ვიზიტის უზრუნველყოფა.
ამასთან, დეკანოიძის განცხადებით, "დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო".
ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
"კონსილიუმის დასკვნის შემდეგ შემაშფოთებლად გაიზარდა რისკი, მათ შორის უეცარი ფატალური შედეგის დადგომის. ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებლების რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს საქართველოში უცხოელი ექიმების ჩამოსვლას და სააკაშვილთან შესვლას, ადეკვატური ანგარიშის დადებას. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა და უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა არ წაადგება ქვეყანას.
ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით, პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს. ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ.
ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო. არ ვიკადრებ, რომ ჩემი ყოფილი პარტია დავადანაშაულო იმაში, რომ მის თავისუფლებას ვერ აღწევენ, რადგან ამას ჩვენ ვერ ვიზამთ და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ადამიანი არის ავად, ფიზიოლოგიურად ავადმყოფია მძიმე დიაგნოზებით. ის ხაზი, რომ ვინმე მისი თავისუფლებისთვის საკმარისს არ აკეთებდა, არასწორად მეჩვენებოდა," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0