28/09/2024
19:15
არჩევნები 2024
ქართველების ევროპული იდენტობა მისი უნიკალური კულტურის, მრავალი საუკუნის მანძილზე შესისხლხორცებული რწმენისა და სათუთად შემონახული ტრადიციებისგან შედგება,’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონული ღონისძიებაზე, თელავში სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, თუ ამ ტრადიციებს ,,ერთ მათგანს მაინც გამოაცლი, ისე დაკარგავს თავის არსსა და სიდიადეს, როგორც ერთხმაგამოკლებული კახური მრავალჟამიერი.’’
,,ოპოზიცია სწორედ ამ გზას ადგას - ქვეყანას აცლის ეროვნულობას, ერს აცლის რწმენას და პიროვნებას აცლის იდენტობას. აღარ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ქართველობა, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა, რას ნიშნავს კაცობა და ქალობა. ამიტომ შეგვიგინეს ერეკლე მეფე, ამიტომ წაგვიბილწეს ღვინო, ამიტომ შეურაცხყვეს ჩვენი ეკლესია. ეს არის მათი ევროპული გზა. უნდათ უღმერთო, უისტორიო, უპიროვნებო ადამიანთა ჯგუფად გვაქციონ, რომ მერე თავად გვითხრან სად ვილოცოთ და რა დავიფიცოთ. ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამას გვპირდებიან ძალაუფლების დაბრუნების შემთხვევაშიც. 26 ოქტომბერს, კახელებმა და საქართველოს ყველა კუთხის შვილებმა ჩვენი სათქმელი ხმამაღლა უნდა ვთქვათ და შინ და გარეთ ყველას უნდა გავაგონოთ, რომ 8000 წელი ღვინო იმისთვის არ გვიწურია, რომ უსამშობლოებმა შეგვიბილწონ; რომ 3000 წელი სახელმწიფო იმისთვის არ გვიშენებია, რომ გარედან გვმართონ; რომ 1700 წელი პირჯვარი იმიტომ არ გვიწერია, რომ ახლა სხვა სალოცავისკენ მიგვატრიალონ. ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და კიდევ ერთხელ, ერთ ქართულ ლაშქრად უნდა შევიკრათ. არა ხმლით, არამედ ხმით. იმ ხმით, რომელიც ჩვენი რწმენის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი იდენტობის ყველა მტრისთვის ავი მუსაიფი იქნება,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0