11/08/2022
13:16
პოლიტიკა
ეს არ არის უკრაინასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ტონი მხოლოდ. ეს ტონი აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოსთან დაკავშირებითაც გასასწორებელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თანდათანობით ყალიბდება კოლაბორაციულ რეჟიმად.
„მტრებად იხსენიებენ დასავლეთს, დასავლეთში ომის საფრთხეს ხედავენ და არ საუბრობენ რუსეთზე, როგორც დამპყრობელზე და საქართველოს ისტორიულ მტერზე. ეს პრობლემა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს და მეც ვურჩევ, თუ რამე ვალდებულებები აქვს რუსეთთან და ასე უნდა ილაპარაკონ, მაგას სჯობია დადუმდნენ. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლება არ ეჩხირებოდეს ამ პროცესში რუსეთის მაამებლური პოლიტიკით. ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ უკრაინა ჩვენს გასაკეთებელ საქმეს აკეთებს. უკრაინაში რუსეთს ამსხვრევენ იმ კბილებს, რითაც საქართველოს დაგლეჯვას აპირებდა და აპირებს. უკრაინა აკეთებს ჩვენს გასაკეთებელს და ჩვენ მათ მიმართ შეძლებისდაგვარად გაგების პოზიციაში უნდა ვიყოთ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას მიხეილ სააკაშვილზე, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სააკაშვილი რომ ისტორიული ფიგურაა, ამას პოდოლიაკის მტკიცება არ სჭირდება.
„ისედაც ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა და ამას პოდოლიაკის მტკიცება არ სჭირდება. მეორე საკითხია, ვინ რას ფიქრობს მასთან დაკავშირებით, არის წინააღმდეგობრივი პოზიციები. ერთ საკითხში პოდოლიაკს ნამდვილად ვეთანხმები, საპატიმროში შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიუღებლობის გამო, მესამე პრეზიდენტი არ უნდა გარდაიცვალოს. ადვოკატებისგან, ექიმებისგან და ოჯახისგან როგორც ვიცი სააკაშვილს აქვს ანთება და ჯანმრთელობის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. უჭირს საჭმლის მონელება და აუცილებელია ისეთ ქვეყანაში გადაყვანა, სადაც უმკურნალებენ. რაც შეეხება უკრაინისთვის გადაცემას, თუ უკრაინისთვის გადაცემა მტკივნეულია ხელისუფლებისთვის, სხვა ქვეყანა იყოს, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღება შეეძლება, მათ შორის ადვოკატების პირობით, რომ გადავადდეს ის ბრალი და სასჯელი, რაც მას აქვს შეფარდებული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“. ამასთან, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა.
0
0