12/07/2022
15:27
პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პუნქტების შესასრულებლად დაწყებულ პროცესში.
როგორც იოსელიანი ამბობს, მისი ინფორმაციით, ამ პროცესში ერთვება სახალხო დამცველის აპარატი.
„რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები როცა გამოდიან, ეს არ ნიშნავს, რომ რევოლუციის მოსაწყობად გამოდიან. საპროტესტო აქციაზე იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, იქ იყვნენ ძირითადად ქალები, ბავშვები და როგორ წარმოგიდგენიათ, სადმე შესავარდნად იყვნენ გამოსული? – ეს ხალხი იმისთვის გამოვიდა, რომ ხელისუფლებისთვის ნათელი გზავნილი გაუგზავნეს, რომ პროდასავლური კურსიდან გადახვევას არ აპატიებს და ამ ქვეყნის არჩევანია ევროპა და ხელისუფლებამ, ოპოზიციამ უნდა იმუშაონ 12 პუნქტის განხორციელებაზე.
ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, თავისი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და ჩაერთოს ამ პროცესში. ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ინიცირებული დღის წესრიგი, ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ა.შ. რა უფრო მნიშვნელოვანია, რას იტყვის „ქართული ოცნება“ თუ რეფორმების განხორციელებისთვის არსებობს თუ არა რეალური მზაობა. რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ არ მჯერა, სახლში წავიდე და ეს ზაფხული ძალიან კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება? – ერთი ადამიანი 12 ჯგუფში ვერ ვიქნები და ამას სჭირდება ოპოზიციიდან რესურსი.
ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესში ერთვება. სწორია, უნდა ჩაერთოს და საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, „ქართული ოცნება“ მზად არის თუ არა, რეფორმები გაატაროს. ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესრულებისთვის, პასუხი უნდა მქონდეს, სად, რა დავაყენე. გავიტან თუ არა, მთავარია, ჩემი მანდატის ფარგლებში უნდა ვიმუშაო. ჩემი მანდატის ფარგლებაში მოქმედებას ასე ვხედავ. ვინმე თუ თვლის, რომ უნდა ჰქონდეს მანდატი, ისარგებლოს პრივილეგიით, მაგრამ ამ შენობაში არ უნდა შემოვიდეს, კარგად უნდა დაისვენოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განმსაზღვრელია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
0
0