
ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს, ოპოზიციას ვურჩევდი, ჩვენს კითხვას გასცეს მკაფიო პასუხი, რას აპირებენ ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა შედეგი შეიძლება, მოიტანოს ბოიკოტმა და „ქართული ოცნება“ როგორ შეიძლება, ჩამოიშალოს ბოიკოტის გზით.
„ჩვენ არჩევნების გზით მივდივართ. მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არ იმსახურებს ის ელექტორატს, რაც დღეს ჰყავს. „ქართულ ოცნებას“ რამის თუ ეშინია, ეს არის საკუთარი ელექტორალური ბაზის რყევაა და დაკარგვა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ამ ადამიანებს ვესაუბროთ. ისინიც კარგად ხვდებიან, რეალურად, რა ძალაა „ქართული ოცნება“ – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა. ადამიანები, ვიმც თვლიან, რომ არჩევნების დღეს უნდა მივიდნენ და საკუთარი საპროტესტო ოპოზიციურად განწყობილი ხმა საარჩევნო უბანზე დააფიქსირონ – ალტერნატივა უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მათ ამ ალტერნატივას შევთავაზებთ. ეს არის ჩვენი გეგმა, დანარჩენ კრიტიკას რაც შეეხება, აკრიტიკონ ერთმანეთი და საკუთარი გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციაში ამბობენ, რომ „გახარია-საქართველოსთვის“ და „ლელო“ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობენ.
„თანამშრომლობას ეძახიან იმას, რომ წინააღმდეგობრივ ბრძოლაში შევდივართ „ქართულ ოცნებასთან“. ვინ საუბრობს ამაზე? „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ე.წ. ლიდერები – ანა წითლიძის მაგალითზე მოვიყვან ქართულ ანდაზას: მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. ირაკლი კობახიძე და ანა წითლიძე მახსენდება, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მოწმე სჭირდება, საკუთარი აბსურდული განცხადებები ვინმემ რომ დაუმოწმოს, ანა წითლიძე გამოდის და უმოწმებს. ეს ორი მხარე, რომელიც ერთმანეთს ასე აძლიერებს, უდასტურებს და ერთმანეთისთვის მოწმეებად გამოდის, გვეუბნებიან, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ ვთანამშრომლობთ. ამ პარტიამ საკუთარ დანაშაულებს მიხედოს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქვს ჩადენილი და, რომ დღემდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენენ. გიორგი გახარია იმყოფება ყველაზე ცხელ წერტილში. დღეს ჩვენი სამშობლოს ბედი წყდება საქართველოში და, რა თქმა უნდა, ევროპის დედაქალაქებში და ბრიუსელში. საფრთხის წინაშე როდესაც ვდგებით, რომ ქართველი ხალხის მონაპოვარი, უვიზო მიმოსვლის სახით, გაუქმებულიყო, გიორგი გახარიამ ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი დაარწმუნა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და, რომ ქართველ ხალხს ეს მონაპოვარი უნდა, შეუნარჩუნდეს. ამას ეძახის ჩერგოლეიშვილი გაქცევას? თავად აკეთებს მეტს, გვიპასუხოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით ორი ვარიანტი იქნება.
„ერთი, პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატზეა საუბარი, როგორც მერობის კანდიდატებზე ასევე სხვა კანდიდატებზე, ვისაც ექნება როგორც ჩვენი, ასევე „ლელოს“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის მხარდაჭერა. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, შეიძლება, იყვნენ პარტიული კანდიდატებიც, ზოგ შემთხვევაში „ლელოს“ კანდიდატი, ზოგ შემთხვევაში „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ და „ლელო“ ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ. კონსულტაციები დაწყებულია. 4 აგვისტოს პარტიებმა ოფიციალურად უნდა გააკეთონ რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და 4 სექტემბერია ის ვადა, როდესაც დარეგისტრირებულმა პარტიებმა უნდა წარადგინონ კანდიდატები. დღეს 17 ივლისია, 4 სექტემბრამდე ძალიან დიდი დროა. ჩვენი ე.წ. გულშემატკივრები ნუ ინერვიულებენ, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატები. რა თქმა უნდა, არ იქნებიან ის კანდიდატები, ვისაც ისინი ასახელებენ. ძალიან ადრეა და თუ ვინმესგან გაიგებთ კანდიდატების შესახებ ინფორმაციას, პირველ რიგში, ჩვენ ვიქნებით. ჭორებს ნუ აჰყვებით“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
0
0