17/01/2025
15:04
პოლიტიკა
მე არ დავნებდები, ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველო დავიხსნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ახლა არ არის კეკლუცობის, ანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის დრო. მისივე განცხადებით, „საჭიროა უფრო მეტი მიწოლა, ორგანიზებულობა და ერთიანობა“.
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს უბედურება დასრულდეს. მე არ ვცნობ არც ამ სასამართლოს, არც გამოძიებას. ბუნებრივია, რომ არ ვცნობ, რადგან ეს არის თეთრი კონვერტების სასამართლო და გამოძიება, მაგრამ მე ვცნობ ქართველ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინელ ხალხს და მის სუვერენიტეტს, უკრაინის, რომლის ამაყი მოქალაქე ვარ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. მე ვგმობ ყველანაირ პოლიტიკურ ძალადობას. ცოტაც უნდა გავძლოთ და უფრო მაგრად უნდა მივაწვეთ. ახლა არ არის დრო კეკლუცობის, ურთიერთანგარიშსწორების ან ერთმანეთზე გაკვრით ლაპარაკის და ა.შ. უფრო მეტი მიწოლა, კიდევ მეტი ორგანიზებულობა, კიდევ მეტი ერთიანობა და ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ კრიმინალურ სინდიკატს, რომელმაც ხელში ჩაიგდო თითოეული ქართველის ბედი. საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ყველას, ვინც აგრძელებთ ბრძოლას თბილისის ქუჩებში, ყველგან, სადაც თავისუფლების ბედი წყდება, სადაც იმ იდეალისტების ბედი წყდება, რომელთაც გაბედეს და თავის დროზე ჯერ კიდევ ააფრიალეს დროშა, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი და წარმატებული. საქართველო იქნება თავისუფალი და წარმატებული, ყველანი ვიქნებით ამ წარმატების ნაწილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „რამდენიმე დღის წინ მთელი ქვეყნის მასშტაბით არნახული საყოველთაო გაფიცვა გაიმართა“.
„მინდა, მივულოცო ყველას, ვინც ძალიან წარმატებით ჩაატარა საყოველთაო გაფიცვა. ეს არის არნახული რამ საქართველოს ისტორიაში. არასდროს ყოფილა საქართველოში ასეთი ღონისძიება. იყო ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ იყო დიდი ქარხნები და ახლა ამ გაფიცვაში ძალიან ბევრი პატარა და დიდი ობიექტის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ყველა პროფესია უნდა ჩაერთოს. თუნდაც სამედიცინო სფერო. 500 ლარი აქვს ექიმს ხელფასი, ექთანს – 300 ლარი. თქვენ არ უნდა გაიფიცოთ, თუ ასე წყნარად უნდა შეხედოთ? რა გგონიათ, რომ გაიფიცოთ, თქვენს შემცვლელებს ვინმეს იპოვიან ამ ხელფასებზე? რა თქმა უნდა, ვერ იპოვიან და იძულებული იქნებიან მფლობელები და სამინისტრო, თქვენი ინტერესი გაითვალისწინონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არსებობს განსხვავებები წინა და ახლანდელ ხელისუფლებებს შორის“.
„იმ ცხრა წელსა და ამ უბედურ 12 წელს შორის განსხვავება არის ის, რომ მაშინ ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვიყავით პოზიტივზე – ეს გაიხსნა, ეს გაკეთდა, ეს ახალი პროგრამა შევქმენით. ესენი ორიენტირებული არიან იმაზე, რომ ყველაფერი გადასულია პოლიტიკური პროცესით – ე.წ. სასამართლოს დერეფნებში, დარბაზებში. იძახიან ხშირად, მურუსიძე სააკაშვილის დროსაც იყო. მურუსიძე ვინ იყო, მე საერთოდ არ ვიცოდი მაშინ, ეს გვარი გაგონილიც არ მქონდა. რატომ არ მქონდა გაგონილი? რადგან სასამართლო არ იყო არაფრის ცენტრი. სასამართლო იყო სადღაც იქ, სხვათა შორის. ცხოვრების ცენტრი იყო სულ სხვა რაღაცაზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებასა და მომავალზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
0
0