-share.jpg)
„დასავლური, უკრაინული და რუსული წყაროები მიუთითებენ, რომ მოსკოვი უკრაინაზე განახლებული თავდასხმისთვის ემზადება“, - იუწყება აშშ-ში მოქმედი ანალიტიკური ცენტრი.
აშშ-ში არსებული ანალიტიკური ცენტრის - „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) შეფასებით, უახლოეს თვეებში უკრაინაზე თავდასხმა რუსული არმიის "ყველაზე სავარაუდო სამოქმედო გეგმას წარმოადგენს".
გუშინ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "არ არსებობს მინიშნებები", რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ემზადება და მოსკოვი, შესაძლოა, პირიქით მოიქცეს. მისივე განცხადებით, „კრემლმა შესაძლოა მოახდინოს 200 000-მდე ჯარისკაცის მობილიზება. რუსეთი ასევე აგრძელებს იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას შიდა წარმოების გაზრდისა და ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან პარტნიორობის ხარჯზე“.
იმავდროულად, ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება, რომ უკრაინის სახმელეთო ჯარების რეზერვისტთა საბჭოს თავმჯდომარის ივან ტიმოჩკოს განცხადებით, "რუსული სამხედრო ძალები აძლიერებენ თავიანთ დაჯგუფებას დონბასში, რაც აღიქმება, როგორც მოსალოდნელი შეტევის ნაწილი. იენს სტოლტენბერგის და ივან ტიმოჩკოს განცხადებები ამყარებს პროგნოზს, რომ რუსული სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში, ლუგანსკის ოლქზე ახალი შეტევისათვის პირობებს ქმნიან.
თუმცა, როგორც რუსულ „Telegram-არხზე“ რუსი სამხედრო ბლოგერების მიერ რუსეთის სამხედრო ოპერაციების ამჟამინდელი ტემპის შესახებ გაკეთებული კომენტარებიც მიუთითებს, რუსებს გადამწყვეტი შეტევისთვის საჭირო ძალისხმევის ელემენტები ჯერ არ გაუაქტიურებიათ,“ - წერს „ომის შესწავლის ინსტიტუტი“.
0
0