
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებისა და კიდევ ორი მოსამართლის დასანქცირების რეკომენდაციის შესახებ არის იმ შანტაჟის ნაწილი, რაც ბოლო წლებში საქართველოსთან მიმართებით ხორციელდება.
„ამდენი ტყუილი და სიცრუე წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი არის იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა. საქართველო არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს – არ შეუერთდა სანქციებს, ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა არ მივეცით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ისინი დამარცხდნენ, ამიტომ ყველაფერ უკადრებელს კადრულობენ და ვისმენთ ამ განცხადებების სახით“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესებს, აქ კომპრომისი წარმოუდგენელია.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“.
0
0