02/05/2022
13:52
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ „ბორჯომმა“ საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.
„პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, „ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამფუძნებლების გარკვეული ნაწილი სანქცირებულთა სიაშია, რამაც ბუნებრივია, შესაბამისი ასახვა პოვა მის საოპერაციო საქმიანობაზე, შეზღუდული აქვს საოპერაციო საქმიანობა. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიამ თავისუფლად გააგრძელოს ოპერირება. ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ კომპანიაში დასაქმებული პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვა კომპანიის გავლით და შესაბამისად, ეს პროცესი მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამ გადაწყვეტილებებზე ბუნებრივია, ახლა ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება, ეს ინფორმაციაც საჯარო გახდეს“,- განაცხადა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ აცხადებს, რომ იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.
0
0