24/06/2023
11:18
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
მან მიმართა მათ, ვინც "დანაშაულებრივ ავანტიურაში ჩაითრიეს".
პუტინის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი ერთობას მოითხოვს, ევგენი პრიგოჟინის ქმედებას კი ღალატს უწოდებს. მან მოვლენები 1917 წლის რევოლუციას შეადარა.
"სწორედ ასეთი დარტყმა მიაყენეს რუსეთს 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს". – თქვა პუტინმა.
პუტინის თქმით, 1917 წლის რევოლუციით პოლიტიკური ავანტიურისტები და საზღვარგარეთის ძალები სარგებლობდნენ და მსგავსი შემთხვევის განმეორებას ის არ დაუშვებს.
პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს საშინაო ღალატი უწოდა და აღნიშნა, რომ აქამდე ის პირადმა ამბიციებმა მიიყვანა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერი არეულობა მომაკვდინებელი საფრთხეა.
პუტინის თქმით, მოსკოვის ქმედება ხისტი იქნება და აჯანყებაში ყველა დამნაშავე გარდაუვალ სასჯელს მიიღებს და პასუხს აგებენ კანონისა და ხალხის წინაშე. მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ და ძალოვანმა ორგანოებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს.
პუტინის თქმით, ის ქვეყნის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
"ის ვინც სამხედრო გადატრიალებას ამზადებდა და ხელში იარაღი აიღეს, რუსეთს უღალატეს და პასუხს აგებენ". – თქვა პუტინმა.
პუტინმა ვაგნერელებსა და მათ მხარდამჭერებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
23 ივნისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ვაგნერის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო იერიში მიიტანა და საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. ამის შემდეგ, მან განაცხადა, რომ საზღვარი გადაკვეთეს და როსტოვში შედიოდნენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავებით ვაგნერის კოლონებზე დარტყმის ბრძანება გასცეს, რაზეც პილოტებმა უარი თქვეს.
0
0