
ყველა ადვოკატის ხმას თანაბარი ფასი აქვს და არც ერთ მათგანს არ სჭირდება განმარტება, რატომ ჩამოვიდა და ვის უნდა მისცეს ხმა! თუ გვინდა ძლიერი პროფესიული კორპუსი, უნდა შევწყვიტოთ ადვოკატების შეურაცხყოფა და მათი არჩევანის დაკნინება! კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ადვოკატის ღირსების ხარჯზე - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ირაკლი ყანდაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ირაკლი ყანდაშვილმა რეგიონებიდან, “ძალდატანებით და მონებივით”- ავტობუსებით ჩამოიყვანა ადვოკატები ხმის მისაცემადო, რასაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დამამცირებელ დამოკიდებულებად აფასებს.
"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ირაკლი ყანდაშვილმა რეგიონებიდან, “ძალდატანებით და მონებივით”- ავტობუსებით ჩამოიყვანა ადვოკატები ხმის მისაცემადო.
ასევე ჩემი კოლეგები მოიხსენიეს როგორც “ნაფტალინში შენახული ადამიანები.”
პირდაპირ და მკაფიოდ ვიტყვი — ეს არის ჩემი კოლეგების შეურაცყოფა!
ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, რიგი პირები - ადვოკატს არ აღიქვამენ დამოუკიდებელ, პასუხისმგებელიან და თავისუფალი არჩევანის მქონე პირად!
ეს დამოკიდებულება დამამცირებელია — როგორც ჩემთვის, ისე ჩემი კოლეგა ადვოკატებისთვის!
რეგიონიდან ჩამოსვლა არ ნიშნავს მართულობას ან ვინმეს მონობას. რომელი ტრანსპორტით და ვისთან ერთად იმგზავრებენ ხმის მისაცემად ჩამოსული ადვოკატები - ეს მათი გადასაწყვეტია!
ადვოკატი არ არის პირი, რომელსაც ვიღაც ძალდატანებით წაიყვანს სადმე და არც პირი, რომელიც არჩევანს - ჭორის საფუძველზე, ვიღაცის ფოტოს და/ან ბროშურის შინაარსის მიხედვით იცვლის!
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადვოკატმა ზუსტად იცის თავისი უფლებები. საარჩევნო ბიულეტენთან პირისპირ მდგომი - ის სრულად თავისუფალია მის არჩევნაში, და მისი ხმა კი სრულად დაცული. კაბინაში მას არავინ აკონტროლებს და არავინ კარნახობს - თუ ვის მისცემს ხმას!
ეს ფუნდამენტური პრინციპია, რომლის გაუგებრობა ან იგნორირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასწორად აფასებენ ჩვენს პროფესიას რიგი კოლეგები და/ან მედიის წარმომადგენლები.
მეგობრებო, ყველა ადვოკატის ხმას თანაბარი ფასი აქვს და არც ერთ მათგანს არ სჭირდება განმარტება, რატომ ჩამოვიდა და ვის უნდა მისცეს ხმა!
თუ გვინდა ძლიერი პროფესიული კორპუსი, უნდა შევწყვიტოთ ადვოკატების შეურაცხყოფა და მათი არჩევანის დაკნინება!
კრიტიკა დასაშვებია, მაგრამ ადვოკატის ღირსების ხარჯზე — არასოდეს!"- წერს ირაკლი ყანდაშვილი.
0
0