
ინგლისში დღეში 500 ბავშვზე მეტი მიმართავს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებს შფოთვითი აშლილობის სიმპტომებით. ამის შესახებ The Guardian წერს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება პანდემიამდე არსებულ სტატისტიკას.
„ოფიციალური მონაცემებით, 2023–2024 წლებში 17 წლამდე ასაკის 204 526 ახალი პაციენტი იყო იყო რეგისტრირებული. მათი ჩივილები კი ძირითადად, შფოთვებს უკავშირდებოდა. 2019–2020 წლებში, COVID-19-ის აფეთქებამდე, ეს მაჩვენებელი 98 953-ს შეადგენდა, 2016–2017 წლებში კი 3 879“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც The Guardian აღნიშნავს, საგანგაშო მატება მოწმობს იმას, რომ ყოველ სამ წუთში ერთი ბავშვი მიმართავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურებს, რაც კვირაში 4 000-ს უტოლდება.
როგორც ექიმები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის წარმომადგენლები და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნავენ, შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გამო მიმართვების ამგვარი ზრდა „შემაძრწუნებელი“ და „შოკის მომგვრელია“ და ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისთან დაკავშირებით გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ცხადყოფს.
თანამდებობის პირების თქმით, აღნიშნულ სერვისებზე მოთხოვნის ზრდა სისტემის გადატვირთვას იწვევს და ათასობით ბავშვს „მიუღებლად გრძელ“ რიგებში უწევთ მოცდა.
„მკურნალობაზე წვდომის დაყოვნებამ შეიძლება, კიდევ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს ბავშვებს მათი ჯანმრთელობისა და განვითარების კრიტიკულ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, პრობლემა შესაძლოა ბევრად უფრო მასშტაბური იყოს, რადგან მიუხედავად გაზრდილი ცნობადობისა, ბევრი ბავშვი არ მიმართავს, ანაც ვერ იღებს მსგავსი ტიპის დახმარებას.
0
0