29/03/2023
14:27
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება, რადგან ხელისუფლება მეგობრებს მტრად აცხადებს.
„სტატუსის მიღების შესაძლებლობა არ უნდა დაკარგოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში არის ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმებით თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს, კოლეგებს პარლამენტში და ხედავთ, რომ ყოველ დღე ფიზიკური ანგარიშსწორებაა. ამის მიუხედავად, ხალხმა აჩვენა, რომ სტატუსი გვეკუთვნის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუმცა უფრო და უფრო ნაკლები შანსი რჩება, რადგან ხელისუფლება მეგობრებს მტრად აცხადებს, ხოლო მტერს უნდა, მეგობარი დაარქვას.
დღეს შევხვდით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს და გამოყენებული იყო ტერმინი – შოკისმომგვრელი. რაც ხდება პარლამენტის შიგნით, ეს არ არის საპარლამენტო მუშაობა, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე. სიტყვა შოკისმომგვრელი თავად გვითხრეს, როცა ვისაუბრეთ, რა ხდება სხდომათა დარბაზში. ფიზიკური თავდასხმები ზურგიდან, ლაჩრულად და მხდალად რომ ხდება, ეს არ არის შოკისმომგვრელი?“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კითხვაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფებს გაემიჯნეთ?, – გიორგი ვაშაძე პასუხობს: „ვინც შევიდა ყავის სმის ჯგუფებში, რა შედეგი დაიდო? ამ ჯგუფებმა რა დადო? – რუსული კანონი, დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ამ საკითხის გარდა ყველაფერს ეხება. ასევე, მართლმსაჯულების კანონპროექტი, რომელიც ყველაფერზეა სასამართლოს კლანისგან გათავისუფლების გარდა. რა შედეგი დაიდო, რაზეც პარტნიორები ამბობენ, ყოჩაღ, საქართველოო?“.
0
0