20/11/2022
11:08
სპორტი
2022-ის პირველი მატჩი
რამდენიმე საათი რჩება, ყატარში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე. პირველი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს A ჯგუფის გუნდები - მასპინძელი ყატარი და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.
„ფიფამ“ გუშინ გამოაცხადა პირველი მატჩის არბიტრიც. მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო მატჩს იტალიელი დანიელე ორსატო გაუძღვება. ორსატო 46 წლისაა. ეს მუნდიალი მისთვის პირველია.
ბუკმეკერების ფსონები
მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის დაწყებამდე, ძალიან პოპულარულია ბუკმეკერების ფსონები და კოეფიციენტები.
ანალიტიკოსების აზრით, მუნდიალის მოგების ყველაზე მეტი შანსი ბრაზილიის ნაკრებს აქვს, რაზეც კოეფიციენტი 5,0-ს უტოლდება.
შემდეგ მოდიან არგენტინის ნაკრები - 6,5 და საფრანგეთი 7,5. ბუკმეკერების აზრით, ნაკლები შანსები აქვთ ინგლისსა და ესპანეთს - 10,0-10,0, გერმანიას - 12,0, ხოლო ნიდერლანდებს - 15,0.
ყველაზე მაღალი (1000,0) კოეფიციენტი კი მინიჭებული აქვს კოსტა რიკის ნაკრებს, რომელმაც ყველაზე ბოლოს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.
ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ყველაზე ტიტულოვანია ბრაზილიის ეროვნული ნაკრები. მან ეს ტიტული 5-ჯერ მოიპოვა.
მუნდიალის გახსნის თარიღი
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი განრიგით, მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა დაახლოებით 3 თვის წინ გახდა ცნობილი, რომ მუნდიალი ერთი დღით ადრე, ანუ 20 ნოემბერს გაიხსნებოდა. შესაბამისად, ცვლილება შევიდა პირველი 2 დღის სამატჩო განრიგშიც.
განახლებული განრიგი კი ასეთია: დღეს ჩემპიონატი ყატარისა და ეკვადორის მატჩით გაიხსნება. 21 ნოემბერს კი სამი შეხვედრა გაიმართება: ინგლისი-ირანი (17:00), სენეგალი-ნიდერლანდები (20:00), აშშ-უელსი (23:00). 22 ნოემბრიდან მოყოლებული, ჩემპიონატი ადრე გამოცხადებული განრიგით გაგრძელდება.
სიახლეები 2022
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რამდენიმე სიახლით იწყება.
მათ შორის არის თამაშგარე მდგომარეობების დასაფიქსირებლად, VAR-ის (ვიდეორეფერი) ნახევრადავტომატური სისტემის გამოიყენება.
ფიფას ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგია იყენებს 12 სპეციალურ კამერას, რომელიც სტადიონის ქვეშ არის დამაგრებული. ასევე, ის აფიქსირებს თითოეული მოთამაშის სხეულის 29 წერტილს და მათ ზუსტ განლაგებას მოედანზე წამში 50-ჯერ.
ამ 29 წერტილში გათვალისწინებულია სხეულის ყველა ნაწილი და, მათ შორის, კიდურებიც, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისას.
გარდა ამისა, 2022 წლის ჩემპიონატი პირველი იქნება ისტორიაში ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა რაოდენობის მხრივაც. ეს წესი მსოფლიო პანდემიას უკავშირდება. წელს, პირველად, თითოეულ ნაკრებს განაცხადში 23-ის ნაცვლად 26 ფეხბურთელი ეყოლება.
ასევე, სწორედ ყატარში, პირველად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში დაშვებული იქნება მატჩის მიმდინარეობისას 5 შეცვლა.
სიახლეა ლუდის მოყვარულებისთვის - მუნდიალის პერიოდში ყატარის სტადიონებზე ლუდის გაყიდვა აიკრძალა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი ცვლილება.
ამასთან, ფიფას მსხვილი სპონსორი Budweiser სწორედ ლუდის მწარმოებელი კომპანიაა და მსოფლიო თასზე ამ ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებასაც ფლობს.
ალკოჰოლური სასმელების რეალიზება ფან-ფესტივალისთვის გამოყოფილ ადგილას კვლავ ნებადართულია, თუმცა, ლუდის გაყიდვის პუნქტები ჩემპიონატის სტადიონების პერიმეტრზე აღარ იქნება.
სხვათა შორის, გადაწყვეტილებას Budweiser-იც გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, "რა უხერხულიაო". მოგვიანებით, კომპანიამ ტვიტი წაშალა.
მესი და რონალდო
რიგით 22-ე ჩემპიონატს დაუკავშირდება 2 ვარსკვლავის - ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს სახელებიც, ვინაიდან, ისინი ყატარში სავარაუდოდ, ბოლოჯერ მოირგებენ ეროვნულ სანაკრებო მაისურს მუნდიალის მოთამაშის რანგში.
და ბლოს, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მსოფლიოს 32 ეროვნული ნაკრები მონაწილეობს. ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.
0
0