03/04/2023
15:41
მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ფინეთი ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის წევრი ხვალ, 4 აპრილს, ოფიციალურად გახდება. მისივე თქმით, ალიანსის 30-ვე წევრმა ფინეთის გაწევრიანებას მხარი უკვე დაუჭირა.
„დროშის აღმართვის ცერემონია 4 აპრილს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამავდროულად ალიანსის დაარსების 74 წლისთავიც აღინიშნება.
ეს მართლაც ისტორიულად მნიშვნელოვანი დღეა ალიანსისთვის," - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ფინეთის "უსაფრთხოება უფრო განმტკიცდება".
კითხვაზე, არის თუ არა იმედგაცრუებული იმით, რომ შვედეთი ფინეთთან ერთად არ გახდა ნატოს წევრი, სტოლტენბერგმა თქვა: "დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთიც გახდება ალიანსის წევრი.“
როგორც ცნობილია, გასული წლის მაისში შვედეთმა ნატოში გაწევრიანება ფინეთთან ერთად მოითხოვა, მაგრამ თურქეთმა შვედეთის განაცხადს მხარი არ დაუჭირა.
„ჯერჯერობით, ნატოს თანამედროვე ისტორიაში ეს ყველაზე სწრაფი გაწევრიანების პროცესია. ჩემი და ნატოს მოკავშირეების მთავარი მიზანი სამომავლოდ [ალიანსში] შვედეთის მიღებაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
0
0