23/12/2022
13:03
ეკონომიკა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბალთან დაკავშირებით ბაზარზე სტაბილური სიტუაციაა, რაც მისივე ვარაუდით, მარტამდე შენარჩუნდება.
როგორც სილაგავამ განმარტა, საქართველოში ხორბლის მარაგები არსებობს.
„მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, გამოწვევები გაზაფხულზე იქნება,“ - აღნიშნა სილაგავამ.
მისივე თქმით, მდგომარეობა სტაბილურია ასევე პურის ფასის მიმართულებითაც.
ლევან სილაგავას განმარტებით, პურის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით, კიდევ ერთი გამოწვევა პურის მწარმოებელთა კომპანიებში დასაქმებულების ანაზღაურებას და სფეროდან კადრების გადინებას უკავშირდება.
„ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, თვითონ მუშა-მოსამსახურეები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველუნარიანობა ძველი ხელფასით დაბალია. ეს პროცენტი თვითონ წარმოებებში საკმაოდ მაღალია. თავისთავად ცხადია, ხელფასების მომატება უკვე პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, გაზაფხულისთვის სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც იქნება სირთულეები.
ერთი მხრივ, თავისთავად ცხადია, ჩვენ შეგნებული გვაქვს, რომ სოციალურ პროდუქციას ვაწარმოებთ და ყველა ითხოვს, რომ ეს ფასები არ გაიზარდოს, მაგრამ მეორე მხრივ, თუ მუშა-ხელს ხელფასი არ მოემატა, მათი შენარჩუნება რთულდება და ეს საბოლოოდ ფასს აწვება,“ - განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციაზე.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024