„კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში?“, - ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ საქართველოს მთავრობის მეთაურობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის სხდომაზე.
წითლიძემ თქვა, რომ განათლების მინისტრისგან აღნიშნულ საკითხზე პასუხი მოისმინა, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტული თარიღის მოსმენა სურს პრემიერობის კანდიდატისგან.
„ბატონო ირაკლი თქვენ აღნიშნეთ, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა. დაგეთანხმებით, ამაში. ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი დღეს სახელმწიფოს მთავარი გამოწვევაა. არ მომბეზრდება, ათასჯერ და მრავალჯერ ვიკითხო სკოლებში უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით.
თქვენ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდებით, სადაც ყოველ მე-5 ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები და ყოველ მე-6 ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი, ასევე საჯარო სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს. ვიცი, რომ განათლების სამინისტრო პროცესში აქტიურად არის ჩართული და განათლების მინისტრისგან პასუხები მივიღეთ, იმასთან დაკავშირებით რომ მუშაობენ ამ საკითხზე, მაგრამ მე მინდა თქვენ გკითხოთ კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში“, - აღნიშნა წითლიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო გუნდისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრის კენჭს.
0
0