ხმელთაშუა ზღვაში რეზინის ნავის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 60 მიგრანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 25 გადარჩენილი მგზავრი ჰუმანიტარულ ჯგუფ SOS Méditerranée-ის გემით Ocean Viking-ით წაიყვანეს. მიგრანტების თქმით, ისინი ლიბიის სანაპიროზე მდებარე ელ-ზავიიდან რამდენიმე დღით ადრე დაიძრნენ, ნავის ძრავა კი - სამი დღის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა.
გადარჩენილთა თქმით, მსხვერპლთა შორის ქალები და, სულ მცირე, ერთი ბავშვია. სავარაუდოდ, ისინი დეჰიდრატაციისა და შიმშილისგან დაიღუპნენ.
SOS Méditerranée-ს განცხადებით, Ocean Viking-ის ეკიპაჟმა ნავი 14 მარტს ბინოკლებით დააფიქსირა, შემდეგ კი იტალიის სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობით სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა. მათივე ინფომარციით, გადარჩენილი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან სუსტია და ყველა მათგანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. დანარჩენი 23 მგზავრი, 200-ზე მეტ მიგრანტთან ერთად, ჯერ კიდევ გემ Ocean Viking-ზე იმყოფება. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია იტალიისა და მალტის სამაშველო საკოორდინაციო ცენტრებიც.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) გასულ კვირას განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე, 2023 წელი მიგრანტებისთვის ყველაზე სახიფათო იყო. მთელს მსოფლიოში, მიგრაციის მარშრუტებზე, მინიმუმ, 8,565 ადამიანი დაიღუპა. გაეროს განცხადებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.
0
0