19/04/2023
14:29
პოლიტიკა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე კვლავ ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხს მოჰყვა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი წარუმატებელია, რადგან მისი მხოლოდ 72%-ია შესრულებული.
"სამუშაოებს ვერ ასრულებთ, ბიუჯეტს ვერ ითვისებთ, მაგრამ ხელფასებს იღებთ 100%-ით. ხალხის და ბიუჯეტის ფულს თქვენს ჯიბეში იდებთ და ამ დროს სამუშაოებს ვერ ასრულებს, ბიუჯეტის 2/3 გაქვთ შეუსრულებელი," – აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თათია ნიკოლაშვილი.
უმრავლესობამ განცხადებებს სიცრუე უწოდა. "ქართული ოცნების" განცხადებით, ოპოზიცია საკრებულოს მუშაობაში, ბიუჯეტის დაგეგმვასა და მასთან დაკავშირებულ განხილვებში არ მონაწილეობს და შემდეგ მხოლოდ დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.
"მაქსიმალური ძალისხმევა იყო მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ბიუჯეტი შეგვესრულებინა, საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია ის პროცენტი, რაც არის, დეტალურად განვიხილეთ ყველა კომისიის სხდომაზე და ასევე ფრაქციის სხდომებზე. სამწუხაროდ, დესტრუქციული პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს არ ესწრება. იქ, სადაც კამერები არ არის, ეს ადამიანები არ მონაწილეობენ, რეალურად მათ არ აინტერესებთ მოსახლეობა," - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.
0
0