12/01/2025
23:15
სამართალი
რესტორან “ბაბილოსთან” აქციიაზე კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა.
კერძოდ, აქციის მონაწილეები მოსამართლეების პოლიციის მანქანით ტერიტორიიდან გაყვანას პროტესტით შეხვდნენ, რამაც დაპირისპირება გამოიწვია აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. ისმოდა შეძახილები: “გაუშვით, რატომ იჭერთ?!”, “ივანიშვილის მონა”.
პარალელურად, რესტორან “ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულება კვლავ გრძელდება, მოსამართლეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვა ტერიტორია. აქციის მონაწილეები რესტორნის მიმართულებით კვერცხებს ისვრიან.
დაკავებების დაწყებამდე, რამდენიმე მოსამართლეს, რომლებმაც წვეულება ადრე დატოვეს, შეკრებილებმა კვერცხები დაუშინეს.
კერძოდ, ერთ-ერთი მოსამართლე აქციის მონაწილეებმა შეძახილებით გააცილეს, მისი მიმართულებით ისროდნენ კვერცხებს, ასევე, წყალს ასხამდნენ. ამასთან, ადგილზე აღნიშნულ მოსამართლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც მას “უნამუსო” უწოდა. ისმოდა გინება და ასევე, შეძახილები: “მონა”, “მონა”, “გაათავისუფლეთ ახალგაზრდები!”.
ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა, მათ შორის არიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. რესტორნის შენობის უკანა შესასვლელთან კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ.
"ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები. გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას”, - აღნიშნეს ადგილზე სამართალდამცველებმა
0
0