24/05/2022
16:39
პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერილს ავრცელებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ წაიკითხა.
„ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ, გადავწყვიტე პირადად ღიად ვისაუბრო ამაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით მივიღე გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას, ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. დღესდღეობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუდახვევა, ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში.
ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის რაც ვიცი, ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით, ასევე, თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა.
საქმე ისაა, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
0
0