
დეოკუპირებულ ხერსონში ერთ-ერთ საწამებელში ცალკე ოთახი იყო, სადაც არასრულწლოვანები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.
„ჩვენ პირველად დავაფიქსირეთ ბავშვების წამების ფაქტი“ - აცხადებს ომბუდსმენი.
მისი თქმით, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა ცალკე საკანი აღმოაჩინა, სადაც არასრულწლოვნები იმყოფებოდნენ.
„იქ მყოფი ადამიანების ჩვენებით, ამ ოთახში უკრაინელი ბავშვები იყვნენ. დამპყრობლებმა მას „ბავშვთა საკანი“ უწოდეს" - განაცხადა ლუბინეცმა.
მისი თქმით, ოთახი ნესტიანი იყო და არ გააჩნდა შესაბამისი პირობები: „ერთადერთი ის არის, რომ მათ [რუსმა სამხედროებმა] სამი ძალიან თხელი ხალიჩა დაყარეს და ამას ბავშვებისთვის „გაუმჯობესებული პირობები“ უწოდეს“.
რუსი სამხედროები, ლუბინეცის თქმით, ბავშვებს ყოველ მეორე დღეს აძლევდნენ წყალს და პრაქტიკულად არ აჭმევდნენ, ასევე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. კერძოდ, ბავშვებს უთხრეს, რომ მშობლებმა ისინი თითქოს მიატოვეს.
„ერთ-ერთი ბიჭი, 14 წლის, წაიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან გადაიღო დანგრეული რუსული ტექნიკა. ამის შემდეგ, დააკავეს და იქ აწამეს“ - აღნიშნა მან.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ ნაწილში სულ წამების 10 ობიექტი იპოვეს, მათგან ოთხი ქალაქ ხერსონში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ მანამდე განაცხადა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებული ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე, წამების შედეგად, 63 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს. მან აღნიშნა, რომ ძებნა ახლახან დაიწყო, ამიტომ, მისი ვარაუდით, „კიდევ ბევრი სამარხი“ იქნება აღმოჩენილი.
0
0