
შპს "ხელვაჩაურის წყლის" ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, 11 სექტემბერს ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ გამოცემას ფაქტი ადვოკატმა დაუდასტურა.
ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომაზე მიქელაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ 520 ათასი ლარიდან ჯამში 288 ათასი ლარი ხელვაჩაურის ყოფილ მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, ხელზე გადასცა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ფულს ხელვაჩაურის მერიის მაღალჩინოსნები კაბინეტებში, საპირფარეშოებსა და სახლებში ინაწილებდნენ.
მიქელაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის ივლისში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებოდნენ.
მიქელაძე "ხელვაჩაურის წყლის" დირექტორი იყო 2018-2021 წლებში.
0
0