16/01/2025
11:10
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, ფრანგი ქალი, 830,000 ევროს ფასად, თაღლითმა მოატყუა, რომელიც მას ამერიკელ მსახიობ ბრედ პიტად გაეცნო.
ფრანგულმა ტელეკომპანია TF1-მა გადაცემა მიუძღვნა 53 წლის ინტერიერის დიზაინერს [სახელად ენის], რომელსაც ეგონა, რომ მას ბრედ პიტთან წელიწადნახევრის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით ტელეკომპანიამ გადაცემა გააუქმა, რადგან ,,კომიკურ’’ ინციდენტს სოციალურ მედიაში მასშტაბური დაცინვა მოჰყვა. ტელეკომპანიის ცნობით, ენმა სიცოცხლეში დაზოგილი თანხა დაკარგა და თაღლითობის გამოვლენის შემდეგ სამჯერ სცადა თავის მოკვლა.
მოგვიანებით, ენიმ პოპულარულ ფრანგულ YouTube შოუში განაცხადა: „არც გიჟი ვარ და არც იდიოტი. უბრალოდ, ვიღაც თაღლითმა მომატყუა, ამას ვაღიარებ და მე ერთადერთი დაზარალებული არ ვარ. ეს განსაცდელი მაშინ დაიწყო, როდესაც 2023 წლის თებერვალში, Instagram-ის გამოყენება დავიწყე. იმ დროს ჯერ კიდევ ქორწინებაში ვიყავი მდიდარ მეწარმესთან. მაშინვე დამიკავშირდა უცხო ადამიანი, რომელმაც თავი პიტის დედად, ჯეინ ეტად, გამაცნო და მითხრა, რომ მის შვილს ზუსტად ჩემნაირი ქალბატონი სჭირდებოდა. მეორე დღეს, დამიკავშირდა ვიღაც, რომელიც ვითომ ბრედ პიტი იყო. მე არ ვიყავი მიჩვეული სოციალური ქსელების გამოყენებასთან და ნამდვილად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ,,ბრედ პიტმა’’ მითხრა, რომ ის ჩემთვის ძვირადღირებული საჩუქრების გამოგზავნას ცდილობდა, მაგრამ საბაჟო მომსახურების საფასურის გადახდა არ შეეძლო, რადგან მისი საბანკო ანგარიშები გაყინული იყო მსახიობ ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების პროცესის გამო. ამიტომ მას [სინამდვილეში, თაღლითებს] სულელივით 9000 ევრო გადავურიცხე... ყოველ ჯერზე, როცა მასში ეჭვი მეპარებოდა, ის ახერხებდა ჩემი ეჭვების გაფანტვას.
ფულის მოთხოვნა გააქტიურდა, როდესაც ,,პიტმა’’ მითხრა, რომ მას თირკმლის კიბოს მკურნალობისთვის ნაღდი ფული სჭირდებოდა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი, პალატაში მწოლიარე ბრედ პიტის რამდენიმე ფოტო გამომიგზავნა. მე ვეძებე ეს ფოტოები ინტერნეტში, მაგრამ ვერ ვიპოვე, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს სელფები მხოლოდ ჩემს მოსატყუებლად გადაიღო. ამასობაში, ქმართან განვქორწინდი და წილად 775 000 ევრო მერგო, რომელიც სულ თაღლითებს გადავურიცხე. ჩავთვალე, რომ ამით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდი. [მეც კიბოზე ვმკურნალობ]. როდესაც ჟურნალებში დაიბეჭდა სურათები, სადაც ნაჩვენები იყო ნამდვილი ბრედ პიტი თავის ახალ შეყვარებულთან, ინეს დე რამონთან ერთად, ეჭვი გამიჩნდა, თუმცა თაღლითებმა ყალბი ინფორმაცია გამომიგზავნეს, სადაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული წამყვანი საუბრობდა პიტის "ექსკლუზიურ ურთიერთობაზე ერთ განსაკუთრებულ ადამიანთან". .. რომელსაც ენი ერქვა“. როდესაც ნამდვილმა ბრედ პიტმა და ინეს დე რამონმა თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად 2024 წლის ივნისში გაასაჯაროეს, გადავწყვიტე, ამ თაღლითური ინციდენტის შესახებ პოლიციისთვის შემეტყობინებინა. FBI-ს სპეციალური აგენტის ჯონ სმიტის სახელით, თაღლითები ჩემგან მეტი ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. ამჟამად, გამოძიება მიმდინარეობს. ეს თაღლითები ჯოჯოხეთს იმსახურებენ.’’
ენის 22 წლის ქალიშვილმა TF1-ს განუცხადა, რომ ის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ თაღლითების მსხვერპლი იყო.
როგორც ბრედ პიტის წარმომადგენელმა აშშ-ის Entertainment Weekly-ს განუცხადა, "საშინელია, რომ თაღლითები ცნობილ ადამიანებთან ფანების ძლიერი კავშირით სარგებლობენ. ადამიანებმა არ უნდა უპასუხონ ისეთ ონლაინ კონტაქტებს, როგორებიცაა ,,სპამები’’, განსაკუთრებით იმ მსახიობებისგან, რომლებსაც სოციალური ქსელების ანგარიშები არ აქვთ".
0
0