24/05/2023
12:59
მსოფლიო
ლონდონში, Wall Street Journal-ის (WSJ) აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე ვიდეო ფორმატში საუბრისას Tesla-ს, Twitter-ისა და SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა აღნიშნა, რომ სუპერინტელექტი „ორლესული მახვილია“.
„თუ გყავთ ჯინი, რომელსაც ყველაფრის მოცემა შეუძლია, ეს საშიშროებას წარმოადგენს“, თქვა მილიარდერმა და დასძინა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება გამოიყენებოდეს ომების დრონებით საწარმოებლად.
მასკი მოელის, რომ მსოფლიოს მთავრობები ხელოვნურ ინტელექტს მოწინავე იარაღის [უპილოტო თვითმფრინავების] შესაქმნელად გამოიყენებენ, რომელსაც ნებისმიერ ადამიანზე სწრაფად შეეძლება ბრძოლის ველზე რეაგირება.
„არ მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტი აუცილებელი იყოს იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ერთ-ერთი პირველი ადგილი, სადაც საფრთხილოა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, არის სოციალური მედია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის,” - თქვა მასკმა.
კითხვაზე, არის თუ არა დიდი ცვლილება მოსალოდნელი აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მასკმა უპასუხა: ”ვფიქრობ, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ხელოვნური ინტელექტის მანიპულაციის გავლენა. ჩვენ, Twitter-ზე, ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით და ვფიქრობ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ ყველა სახის დაცვას სისტემის ფართომასშტაბიანი მანიპულაციის გამოსავლენად,’’ - აღნიშნა მასკმა.
როგორც ცნობილია, მარტში, ილონ მასკი იმ ტექნოლოგიების ექსპერტებს შორის იყო, რომლებმაც, კაცობრიობისთვის საფრთხის აცილების მიზნით, მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერებისკენ მოუწოდეს. 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც მოთხოვნილი იყო, რომ ყველა ლაბორატორიას ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების სწავლება, მინიმუმ, ექვსი თვით შეეწყვიტა და დროებით შეჩერებულიყო „საშიში რბოლა“ GPT-4-ზე (რომელიც OpenAI-მა ახლახან გამოუშვა) უფრო მძლავრი სისტემების შესაქმნელად. წერილში ნათქვამია, რომ, თუ ასეთი ე.წ. პაუზისთვის ზომების სწრაფად მიღება შეუძლებელია, მთავრობებმა მორატორიუმი უნდა დააწესონ.
ხელოვნური ინტელექტი ბოლო წლებში მასიურად გავრცელდა. ისეთი სისტემები, როგორიცაა ჩატბოტი ChatGPT, სწრაფად გახდა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.
0
0