08/06/2023
12:52
პოლიტიკა
ოპოზიცია მინუს "ნაციონალური მოძრაობა" - ასეთია "ლელოს" გამარჯვების გასაღები. პარტიების დიდმა ნაწილმა "ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთხელ უთხრა, რომ მათთან თანამშრომლობას არ აპირებს. "ლელო" ამბობს, რომ არჩევნებისთვის საჭიროა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შეკრებით - ამ კონფიგურაციაში "ლელოს" ლიდერები კატეგორიულად არ მოიაზრებენ "ნაციონალურ მოძრაობას". პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს არც "გირჩი". "ნაციონალური მოძრაობა" პარტიების პოზიციას აკრიტიკებს და თვლის, რომ მათ ნაწილს ამ განცხადებების უკან წაღება მოუწევს.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური გაერთიანების მცდელობაა. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ხელოვნურ გაერთიანებაზე საკუთარი ამომრჩევლის და პარტიების იმედის დეფიციტის გამო საუბრობენ.
"ხელოვნურ გაერთიანებაზე ლაპარაკობენ, იმიტომ, რომ საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი თავის და პარტიების იმედი არა აქვთ. ამათი მიზანი სინამდვილეში ოპოზიციაში ყოფნაც კი არ არის, არამედ პარლამენტში ყოფნაა და ძალიან მარტივად იშიფრებიან, როდესაც ასეთ ღირებულებების გარეშე გაერთიანებებზე საუბრობენ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ", სხვის გაერთიანებებზე რომ საუბრობენ, ჯერ კიდევ "პარტიუკებს" რომ უძახდნენ და ამაზე ბოდიში არ მოუხდიათ - ეს ერთი ტრაგედიაა.
მეორე ტრაგედია არის, რომ ეს "პარტიუკების" იარლიყი არ წყენიათ იმ პატარა პარტიებს და ეს მაშინაც ისე მიიღეს, თითქოს ეს პარტნიორული გზავნილი იყო.
როდესაც ასეთი ურთიერთობები არსებობს ამ პარტიებს შორის, საერთოდ რა გაერთიანებაზე უნდა იყოს ლაპარაკი. ამას ცხადია, შედეგებზე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ერთად თუ ცალ-ცალკე იქნებიან, რადიკალურ ოპოზიციას უარს ეტყვის ჩვენი საზოგადოება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
0
0