23/12/2024
23:06
პოლიტიკა
დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის „ქართული ოცნებასთან“ შეხვედრის ინიციატივას აფასებს. მაჭარაშვილის თქმით, 29 დეკემბრამდე შეხვედრის შეთავაზება ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ათვითცნობიერებს მისი უფლებამოსილების დასრულების ვადას.
მაჭარაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ ხვდება, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
„რადიკალებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება და მათ შორის, ზურაბიშვილსაც“, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ მუქარასთან დაკავშირებული განცხადებები შემთხვევითი არ იყო.
მისი თქმით, პრეზიდენტობის დროს ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებელია სალომე ზურაბიშვილი, ეს არის დემოკრატია და ყოფილი პრეზიდენტის დაკავების პრეცედენტი არსებობს საფრანგეთშიც.
გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის ინიციატივით სალომე ზურაბიშვილმა აღიარა ლეგიტიმაციაც და შესაბამისად, ხელისუფლებაც.
„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რატომ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომ 29 დეკემბრამდე სურს შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“? სალომე ზურაბიშვილი ხომ ამბობდა, რომ პრეზიდენტი იქნებოდა აწ და მარადის, ვიდრე თავად ოპოზიცია არ მოვიდოდა ხელისუფლებაში? 30 დეკემბერს რომ უთხრას „ქართულმა ოცნებამ“ ვისაუბროთო, აღარ დაელაპარაკება? მან ფაქტობრივად აღიარა, რომ 29 დეკემბერს დასრულდება მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება. ერთის მხრივ, ეს კარგია ანუ ათვითცნობიერებს, რომ მოუწევს ორბელიანების სასახლიდან გამობრძანება. რაც შეეხება მის არაადეკვატურ განცხადებებს, სალომე ზურაბიშვილი ადეკვატური არც არასდროს ყოფილა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ხვდება, მათ შორის, ზურაბიშვილიც, რომ რადიკალური ფრთის დრო უკვე დათვლილია. „ხალხის ძალამ“ არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი და 2025 წლიდან, ისევ მკაცრად დავაყენებთ ამ საკითხს, რომ პოლიტიკურად და სამართლებრივად, აუცილებლად მოხდეს ამ მარგინალური, კოლექტიური ძალის – „ნაცმოძრაობის“ გასამართლების პროცედურის დაწყება. ეს აუცილებლად მოხდება და ამას ჩვენ უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის განცხადებით, 2025 წლიდან ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოში და საქართველოშიც.
„აუცილებლად მოუწევთ რადიკალებს პასუხისგება, მათ შორის, ზურაბიშვილსაც. შემთხვევითი არ იყო ევროპიდან განაცხადები, რატომ ემუქრებით ზურაბიშვილსო. მეტი საქმე არ აქვთ ევროპაში, რომ ზურაბიშვილზე ზრუნავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, დაურეკა ზურაბიშვილმა და უთხრა – მემუქრებიან და რა გავაკეთოო. იქაც დაფიქრდნენ, ჩახედეს კონსტიტუციას და მიხვდნენ, რომ ასე არ არის. პრეზიდენტი რომ ხარ და ყველაფრის უფლება გაქვს. პრეზიდენტობის დროს ნამოქმედარზე, არასწორ ქმედებებზე პასუხი მოეთხოვებათ. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დაკავებულია და გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საფრანგეთში. ჩვენ გვადანაშაულებდნენ და გვეუბნებოდნენ- როგორ შეიძლება პრეზიდენტი ციხეში იჯდესო. საფრანგეთში ყოფილი პრეზიდენტი ზის ციხეში და მას გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. დემოკრატია ასე მუშაობს, ამას ხვდება ზურაბიშვილიც და ამიტომაა არაადეკვატური. გუშინ საღამოსაც არაადეკვატური განცხადებები გააკეთა, მოლოდინი გააჩინა, რომ მეორედ მოსვლის შესახებ განცხადებას გააკეთებდა და ჩვეულებრივი ბელეტრისტიკა თქვა, დაველაპარაკები „ქართულ ოცნებასო“. ხომ იძახის არალეგიტიმურია ხელისუფლებაო? ვის უნდა დაელაპარაკოს? ანუ ხელისუფლებაც აღიარა. თუ ხელისუფლებაც და ლეგიტიმაციაც აღიარა ერთი დარჩენია – კალენდარს შეხედოს, დაითვალოს და გამოვიდეს სასახლიდან 29 დეკემბერს, ქვიშის საათი ჩართულია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0