
პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე სოფელ კირბალში, საოკუპაციო ძალების ჯარისკაცის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
მკვლელს უნდა ეშინოდეს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე, სრულიად უჩუმრად და ხმაურის გარეშე შეიძლება მოიტაცონ და სასამართლოში უკრან თავი ან სხვაგვარად მოთხოვონ პასუხი. შიში მაინც უნდა ჰქონდეს, შიში!
მთელი ქვეყანა, ყველა ჯგუფი უნდა ფიქრობდეს - როგორ, რა სტრატეგიით, რა საშუალებებით შეგვიძლია დავიცვათ საოკუპაციო ხაზი მკვლელებისგან... საოკუპაციო ხაზი მაინც!
ოთხოზორია-ტატუნაშვილი-გინტურის სია სასტიკად უნდა ავიწროვებდეს მკვლელებს მსოფლიოს ყველა კუთხეში!
თვითონ რუსეთს როგორ უნდა შევებრძოლოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც მოსაფიქრებელია...
მოკლედ, პოლიტიკაა შესამუშავებელი სიცოცხლის გადასარჩენად. პოლიტიკა გზების ძიებას, ნაბიჯების დეტალურ და გონივრულ გათვლას გულისხმობს და არა იმ ნერვიულ ან ოპორტუნისტულ მოქმედებებს, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია გვთავაზობენ.
ხელისუფლება უმოქმედობის, გატრუნვის, "ჩვენ არაფერი შეგვიძლია" მიმართულებას ირჩევს; ოპოზიცია კი კედელზე თავით დაჯახებას გვთავაზობს, თან გვამის პოლიტიკურ "კაპიტალიზაციას" აპირებს - წერს ლევან ლოორთქიფანიძე.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლა. მისი თანმხლები პირი ლევან დოთიაშვილი გატაცებულია.
0
0