10/11/2024
22:41
საზოგადოება
ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე დასრულდა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქცია მხოლოდ ბრძოლის დასაწყისია.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ფანრები აანთეს და აღნიშნეს, რომ „ჩაბნელებული ევროპის მოედანი აუცილებლად განათდება”.
აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მტკვრის ორივე სანაპირო, ასევე, ბარათაშვილის ხიდი გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება და ისინი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდებიან. აქციის მონაწილეები საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხმების 53.932% მოიპოვა. საარჩევნო ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ: კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ადგილზე გასულმა „კოალიციამ ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ხმების 11.034 % მიიღო; „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.17%, „ძლიერმა საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.808 %; ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 7.777 %.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს არ აღირებს არც ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
0
0