ხედვა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია, მნიშვნელოვანია პრაქტიკაში გატარდეს - მიიჩნევს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათი საუბარი ძირითადად ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობის საკითხს შეეხო.
„საკითხები, რომელზეც ვისაუბრეთ ეხება ამ ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას. ის ხედვა, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია და რაც შეხვედრის შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკაში გატარდეს. პირველ რიგში, მიმდინარე წელს რომ მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი იქნეს კონკურენტუნარიანი საარჩევნო სისტემის ფარგლებში შეჯიბრებითობა“, - აღნიშნა მელიამ სატელევიზიო ეთერში.
ინფორმაციისთვის, მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტს „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეხვდნენ.
როგორც ცნობილია, ზურაბიშვილის ინიციატივას, შეიქმნას „ევროპული პლატფორმა“, არ უერთდებიან "ლეიბორისტები", „ევროპული საქართველოსა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წევრები.
0
0