საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში სამხატვრო გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღება გაამახვილოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე.
„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც პირდაპირი შედეგია კულტურული იდენტობის უგულებელყოფის, როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან.
მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაპყროს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“, – წერს ის.
21 იანვარს აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ფონდში დაცული ათასობით ნამუშევარი.
გალერეის კოლექციაში შედიოდა ოთხი ათასზე მეტი ექსპონატი, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.
0
0