
"ბორჯომში ხანძარი ალბათ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია"- ბორჯომის ხეობაში ცეცხლი ლიკვიდირებულია
წუხელ, ბორჯომის ხეობაში, ორჯერ ნახანძრალ ადგილას ცეცხლი გაჩნდა.
როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, ცეცხლი, შესაძლოა მეხის ჩამოვარდნას გამოეწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის კერა ადგილობრივმა მოსახლეობამ დროულად ჩააქრო.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჯგუფმა “ბორჯომის ხეობამ” გაავრცელა:
"ჩააქრეს!
მეგობრებო , სოფ. დაბაში ორჯერ ნახანძრალ ტერიტორიაზე გუშინ ღამით კვლავ ხანძრის კერა გაჩნდა.
ხანძრის გაჩენა დიდი ალბათობით მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია!
დიდი წვლილი მიუძღვის სოფლის მოსახლეობას!
ბიჭების დროული აქტიურობით მოხდა ცეცხლის ლოკალიზება.
ბიჭები არ დაელოდნენ სახანძრო-სამაშველოს და ელვისებრი სისწრაფით გაიქცნენ მთისკენ მიუვალი ადგილის მიუხედავად.
უსწრაფესმა რეაგირებამ შედეგი გამოიღო", წერს “ბორჯომის ხეობა”.
ხანძრის შესახებ ინფორმაცია “სფეისნიუსმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც გადაამოწმა.
როგორც ჩვენ განგვიცხადეს, იყო ცეცხლის მცირე კერა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.
ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
0
0