
ორი ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ფარსადანიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ.
71 წლის თანასოფლელებს დაკავებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა და მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.
შემთხვევა კახეთში, სოფელ ველისციხეში მოხდა. დანაშაულის ჩადენის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება - მათ შორისაა შურისძიება და ურთიერთშელაპარაკება.
რა მუხლით წაუყენებენ ბრალს ორი ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობისთვის 32 წლის გიორგი ფარსადანიშვილს დღეს გახდება ცნობილი.
მთავარი კითხვა, თუ რატომ ჩაიდინა საზარელი დანაშაული 32 წლის ახალგაზრდამ და რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ თანასოფლელები, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. ველისციხეში რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ, მათ შორის იმაზეც, რომ დანაშაულის მიზეზი შურისძიებაა. გამოძიების ვერსიით კი მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, რომლებმაც დაინახეს თუ როგორ ისროდა ახალგაზრდა მამაკაცი პენსიონერების მისამართით.
ორი პირის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
0
0