23/01/2025
21:08
საზოგადოება
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ჩავიხედეთ სარკეში, რასაც ვხედავთ, არ მოგვწონს, თან ვამბობთ, რომ ეს ჩვენ არ ვართ. რეალურად, ეს არის ჩვენი სახე - ყველა მთავრობა, ვინც იყო, როგორიც იყო, თავისი პლუს-მინუსებით - ეს არის ჩვენი წიაღიდან წამოსული ადამიანები. ასევე, ის საზოგადოებაც, რომელიც ასე რეაგირებს. ამის შესახებ მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა რადიო „სივრცის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან საწყენია ის, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების დროს, იყო ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც პირველი დღიდან ჩადგა ოპოზიციურ რეჟიმში.
„ყველა ხელისუფლებას წარმატებას ვუსურვებდი, რადგან ჩემი ქვეყნის წარმატება იმ პერიოდში არის მათი გაკეთებული საქმეები, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც მათზე ფინანსურად ხარ დამოკიდებული, მათ შეცვლას მტკივნეულად აღიქვამ. ხანდახან კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ჩვენი მიდგომა, თუნდაც აზროვნება. მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რომ ხალხი, რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანს, მათ დემოკრატია როგორ უნდა ააშენონ? არის აზრის განსხვავებულობის აუტანლობა. თან, იმის წარმოდგენა ბევრს არ შეუძლია, რომ ამ ადამიანს თავისი რწმენა აქვს, რომელიც შენგან განსხვავებულია. ჩემთვის ერთი რამ არის წარმოუდგენელი - თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს, მას შეიძლება მისი მომავლის მიმართ ჰქონდეს თავისი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება იყოს მცდარი“ - განაცხადა მუსიკოსმა.
0
0