
სოციალური მედია კომპანია X-ი, რომელიც მანამდე ცნობილი იყო, როგორც Twitter-ი, თავისი მომხმარებლების ბიომეტრიულ და დასაქმების მონაცემებს შეაგროვებს. ადამიანებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან X Premium სააბონენტო სერვისზე, შემოწმებისთვის შეუძლიათ აირჩიონ ე.წ. სელფისა და პირადობის მოწმობის ფოტო.
X-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ X-მა შეიძლება შეაგროვოს მომხმარებლის დასაქმებისა და განათლების ისტორია. სავარაუდოდ, X-მა შეეძლება რეკრუტირების სერვისების შეთავაზებაც. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში X Corp-მა შეიძინა ტექნიკური რეკრუტირების სერვისი, სახელწოდებით Laskie.
კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკა ძალაში 29 სექტემბრიდან შევა.
„ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ და გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია (როგორიცაა თქვენი დასაქმების ისტორია, განათლების ისტორია, დასაქმების პრეფერენციები, უნარები და შესაძლებლობები, სამუშაოს ძიება და ა.შ.), რათა თქვენთვის რეკომენდაცია გავუწიოთ პოტენციურ სამუშაო ადგილებს,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
X-ის მიხედვით, ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება, რაც მოიცავს პირის ფიზიკურ ატრიბუტებთან დაკავშირებულ მონაცემებს, როგორიცაა სახის სკანირება ან თითის ანაბეჭდი - განკუთვნილია X Premium-ის მომხმარებლებისთვის.
„ჩვენ ვებრძვით იმიტირების მცდელობებს და პლატფორმის უსაფრთხოებას ვუზრუნველყოფთ“, - განუცხადა კომპანიამ BBC-ს.
ილონ მასკმა კვლავ გააჟღერა X-ის გეგმები, მისცეს მომხმარებლებს ვიდეო და აუდიო ზარების განხორციელების შესაძლებლობა. მისი თქმით, ფუნქცია „მუშაობს iOS-ზე, Android-ზე, Mac-სა და PC-ზე“ და დასარეკად ტელეფონის ნომერი საჭირო არ იქნება.
"X-ი არის ეფექტური გლობალური „სატელეფონო ცნობარი“", - თქვა მასკმა.
თუმცა, ცნობილი არ არის თარიღი, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ვიდეო და აუდიო ზარების განხორციელების ახალი ფუნქცია.
როგორც BBC-ი წერს, მასკს აქვს ამბიცია, X-ი "ყველა სერვისის აპად" გადააქციოს.
0
0