30/03/2023
12:16
პოლიტიკა
„ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კულტურის სამინისტროსგან დაგვიანებით, ექვსი თვის შემდეგ მიიღო პასუხი ედმუნდ კალანდაძის ნახატთან დაკავშირებით გამოთხოვილ ინფორმაციაზე.
სალომე სამადაშვილის თქმით, კულტურის სამინისტროს წერილიდან დგინდება, რომ ნახატი, რომელზეც თეა წულუკიანი საუბრობდა, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და სამინისტროს წლების შემდეგ სამადაშვილმა აცნობა, რომ ნახატს ავტორის ხელმოწერა არ ჰქონდა.
სამადაშვილის განმარტებით, თეა წულუკიანს თუ ამ ნახატის ბედი აინტერესებს, უნდა დაუკავშირდეს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც 1 993 წელს ბრიუსელში ელჩი იყო.
„საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სექტემბერში წულუკიანმა დამადანაშაულა, რომ ბრიუსელში, ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ნახატი დაიკარგა. მან ბრალი დამდო, რომ ნახატის დაკარგვა დაკავშირებული იყო ჩემს საქმიანობასთან. კულტურის სამინისტროსგან ინფორმაცია გამოვითხოვე და წულუკიანი ვალდებული იყო, ჩემთვის ორ კვირაში გაეცა პასუხი, თუმცა პასუხი მოვიდა ექვსი თვის შემდეგ, მეორედ მიმართვის შემდეგ. მისი წერილიდან ვადგენთ – ნახატი, რომელზეც საუბარია, ბელგიაში საქართველოს საელჩოს 1993 წელს გადაეცა და მე სამინისტროს წლების შემდეგ ვაცნობე, რომ ნახატს არ ჰქონდა ავტორის ხელმოწერა, რომელსაც ერქვა, რომ იყო კალანდაძის ნახატი. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე სამინისტროს. არ ვიცი, წულუკიანს რა ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ 1993 წელს პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და მაშინ ბრიუსელში ელჩი ზურაბ აბაშიძე იყო. თუ წულუკიანს ამ ნახატის ბედი აინტერესებს, ვურჩევ, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდეს და ჰკითხოს – 1993 წლიდან 2 000 წლამდე, როცა მან ეს ნახატები ჩაიტანა, რა დატოვა საელჩოში, რა იყო ბალანსზე. რამდენიც არ უნდა ქექოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჩემს დაქვემდებარებულ საელჩოში ფინანსური ინსპექცია მიავლინა, როგორც კი პოლიტიკური აქტივობა დავიწყე და ეძებდნენ რაიმე მიზეზს დევნის დაწყებისთვის, ვერასოდეს ვერ ნახავთ რაიმე მიზეზს. თეა წულუკიანი კი არის რამდენჯერმე დამნაშავე „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებული სასამართლოს მიერაც კი თანამშრომლების უსაფუძვლოდ გათავისუფლებისთვის და ბიუჯეტს ასობით ათასი ლარი უჯფება ჯარიმების გასტუმრება. არაფერს ვამბობ ქართველი ხალხის განადგურებულ საუნჯეზე – გელათზე. აუცილებლად დადგება დრო, როცა პროკურატურა მისი საქმიანობით დაინტერესდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გასული წლის 23 სექტემბერს განაცხადა: სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის „შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი.
0
0