
ისრაელის ხელისუფლების მიერ ღაზას სექტორის შესაძლო სრული ოკუპაცია, ებრაული სახელმწიფოს ბიუჯეტს, ყოველწლიურად, დაახლოებით, 35 მილიარდი შეკელი (10 მილიარდი დოლარი) დაუჯდება. ამის შესახებ იტყობინება The Wall Street Journal (WSJ) იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორ ესტებან კლორზე დაყრდნობით.
მეცნიერის გათვლებით, ამ ხარჯების ძირითადი ნაწილი ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების შენარჩუნებას, ასევე ადმინისტრაციულ აპარატს და სამოქალაქო და საჯარო სამსახურების მუშაობის შენარჩუნებას მოხმარდება. სულ საუბარია ისრაელის მშპ-ს, დაახლოებით, 2%-ზე. ებრაული სახელმწიფოს ბიუჯეტს ასეთი სახსრები არ აქვს და მათი მოკლე დროში მოძიება შეუძლებელი იქნება, აღნიშნავს კლორი. ამავდროულად, ეს ხარჯები არ ითვალისწინებს ღაზას სექტორის ინფრასტრუქტურის აღდგენის შესაძლო ხარჯებს, რომელიც, ძირითადად, განადგურებულია.
კლორი აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორის ოკუპაციით, ისრაელი პასუხისმგებელი იქნება ანკლავში მცხოვრები 2 მილიონი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ეს მოიცავს პალესტინელების საკვებით უზრუნველყოფას, ჯანდაცვის, განათლებისა და ცხოვრების სხვა სფეროების უზრუნველყოფას. 1967 წლიდან 2005 წლამდე ისრაელი ადმინისტრირებდა ღაზას, ხარჯების დაფინანსება ძირითადად ანკლავიდან მიღებული საგადასახადო შემოსავლებით ხდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ღაზას სექტორის ეკონომიკა ნანგრევებშია, კლორი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ხარჯების დასაფარად ასეთი სქემის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.
ამავდროულად, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწევთ ღაზაში დიდი სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნება, ადგილობრივი მოსახლეობის ისრაელის მიმართ, უპირატესად, მტრული დამოკიდებულების გათვალისწინებით. ამავდროულად, სამხედრო თვალსაზრისით, ანკლავის ოკუპაცია რთული არ იქნება, რადგან ისრაელი უკვე აკონტროლებს ტერიტორიის დაახლოებით 75%-ს.
0
0