
World Justice Project-ის ანგარიშის მიხედვით, კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველოს 143 ქვეყანას შორის 52-ე ადგილზეა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურ რეიტინგში შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით ჩამოქვეითდა, თუმცა აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
საქართველოს მინიჭებული აქვს 0,58 ქულა. რეიტინგის ავტორების შეფასებით, საქართველო საშუალოზე მაღალი ჯგუფის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამ ჯგუფში ის მეექვსე ადგილს იკავებს.
გლობალურ რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრი ბულგარეთი, უნგრეთი, ასევე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები – მოლდოვა, უკრაინა, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცეგოვინა. რეიტინგში 105-ე ადგილზეა ბელარუსი, თურქეთი 118-ე პოზიციაზეა.
რეიტინგის შედგენა ხდება რვა ფაქტორის შეფასებით. ესენია: მთავრობის ძალაუფლების შეკავება, კორუფციის არსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულირება, სამოქალაქო სამართლის სისტემა, სისხლის სამართლის სისტემა.
2025 წლის რეიტინგის მიხედვით, სისხლის სამართლის სისტემის, რეგულირების აღსრულების, ღია მთავრობისა და კორუფციის არსებობის ფაქტორებში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.
ფაქტორებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს აქვს „წესრიგსა და უსაფრთხოებაში“ – 0,78 ქულა. ეს ფაქტორი აფასებს, რამდენად კარგად არის დაცული პიროვნებისა და ქონების უსაფრთხოება.
ყველაზე დაბალი ქულა, 0,50 კი საქართველოს აქვს „სისხლის სამართალის სისტემის“ ფაქტორში, რომელიც ამ სისტემას აფასებს.
საერთო ჯამში, კანონის უზენაესობის 2025 წლის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ევროკავშირი ქვეყნების ორ მესამედში ვითარება გაუარესებულია. ყველაზე დიდი უკუსვლა აქვთ სლოვაკეთსა და უნგრეთს.
ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვს უნგრეთსა და ბულგარეთს. ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს – დანიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ, შვედეთმა და ირლანდიამ.
World Justice Project არის 2006 წელს დაფუძნებული დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს მსოფლიოში კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხზე. ორგანიზაციის სათავო ოფისი მდებარეობს ვაშინგტონში. ორგანიზაცია კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგს ადგენს როგორც საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და იურიდიულ საკითხთა ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე.
0
0