
უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის მარშრუტების ქსელის მორიგი შემცირება საქართველოზეც აისახა, წერს პორტალი LowcostAvia. ქუთაისსა და პოლონურ გდანსკს შორის ფრენები მთლიანად შეჩერებულია. ცვლილებებია ქუთაისი-რომი-ქუთაისის მარშრუტზეც. ფიუმიჩინოს აეროპორტის ნაცვლად ფრენებს საქართველოდან რომის Ciampino მიიღებს. ეს ინფორმაცია შეესაბამება Wizz Air-ის ვებსაიტზე არსებულ მონაცემებს.
თებერვლის დასაწყისიდან Wizz Air-მა ასამდე მარშრუტი შეცვალა ან მთლიანად გააუქმა. საქართველოსთან ერთად ეს შეეხო სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საფრანგეთს, ეგვიპტეს, ისრაელს, გერმანიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ნორვეგიას, დანიას, საუდის არაბეთს, დიდ ბრიტანეთს, ლიტვას, კვიპროსს, ლუქსემბურგს, პოლონეთს, იორდანიას, ალბანეთს, ავსტრია, ლატვიას და ისლანდიას.
სააგენტო Novosti-Georgia-ს ცნობით, მიმართულებების გაუქმება გამოწვეულია Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავების მომსახურების სირთულეებთან დაკავშირებით. ბევრი სხვა ავიაკომპანია მსგავსი პრობლემების წინაშე დგას.
Wizz Air-მა ეს საკითხი თავის ფინანსურ ანგარიშში გაავრცელა. შესაძლებელია, რომ 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის გადამზიდავი იძულებული იყოს, თავისი თვითმფრინავების სულ მცირე 45, ანუ ამჟამინდელი ფლოტის თითქმის 1/5 გააჩეროს - წერს LowcostAvia.
Wizz Air საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და ბაზრის აბსოლუტური ლიდერია ქვეყანაში. ავიაკომპანიის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გასული წლის განმავლობაში ოთხ თვითმფრინავამდე გაიზარდა.
0
0