
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანი წითლიძე თვლის, რომ თუ პრეზიდენტი მთავრობისგან უნებართვო ვიზიტებს გააგრძელებს, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩაითვლება და არც სამართლებრივი საფუძველი ექნება.
„ერთადერთი, ვინც ამ ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, არის საქართველოს ხელისუფლება და არა საქართველოს პრეზიდენტი. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა მის წინააღმდეგ ბრალდებას, რომელიც იმპიჩმენტის საფუძველი გახდა, რამაც სრული ფიასკო განიცადა პარლამენტში, შესაბამისად, ვერ ექნება ვერანაირი სამართლებრივი საფუძველი [პრეზიდენტის უნებართვო ვიზიტებს] ახლაც და არ ჩაითვლება კონსტიტუციის დარღვევად“, - აღნიშნა წითლიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
0
0