
მკვლევარებმა ევროპაში პირველად აღმოაჩინეს წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინვაზიური მწერის სახეობა.
წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველის [რომლის სამეცნიერო სახელია Solenopsis invicta] წარმოშობის ადგილი სამხრეთ ამერიკაა, შემდეგ კი, გასული საუკუნის განმავლობაში, მწერი შეერთებული შტატების დიდ ნაწილში, მექსიკაში, კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე, ჩინეთსა და ავსტრალიაში გავრცელდა.
ეს მწერი გაღიზიანების დროს აგრესიული ხდება და მას თავისი მტკივნეული ნესტარით შეუძლია ადამიანის კანი დააზიანოს და ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ჭიანჭველას ასევე შეუძლია გაანადგუროს ნათესები და ადგილობრივი ეკოსისტემები.
მკვლევარების თქმით, მათ, სიცილიაში, იტალიის ქალაქ სირაკუზასთან ახლოს, წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველების 88 ბუდე აღმოაჩინეს, რომლებიც 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული.
„Solenopsis invicta მწერის ერთ-ერთი ყველაზე ინვაზიური სახეობაა. მას საგანგაშოდ სწრაფად გავრცელება შეუძლია. იტალიაში ამ სახეობის პოვნა ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს დღე მაინც დადგებოდა. წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები ესპანეთში, ფინეთსა და ნიდერლანდებში იმპორტირებულ პროდუქტებში აღმოაჩინეს, თუმცა უახლესი კვლევის ჩატარებამდე ევროპაში მათი გავრცელება არასოდეს დადასტურებულა,“ - თქვა ესპანელმა მკვლევარმა მატია მენჩეტიმ.
მეცნიერებმა წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველის კოლონიები სირაკუზის გარეუბნებში აღმოაჩინეს. მათთვის გაუგებარი იყო როგორ ან როდის მოხვდნენ ჭიანჭველები იქ. მკვლევარები თვლიან, რომ მწერები სატრანზიტო წერტილში მოხვდნენ, სადაც უამრავი ადამიანი საქმიანობს, მაგალითად, ქალაქის პორტში. ადგილობრივებმა მეცნიერებს უთხრეს, რომ ადამიანთა ჭიანჭველით დაკბენის შემთხვევები 2019 წლიდან გაიზარდა. კვლევამ აჩვენა, რომ მფრინავი „დედოფალი“ ჭიანჭველები ქარმა გაავრცელა სირაკუზის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც კომერციული პორტი მდებარეობს.
ჭიანჭველების გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ევროპაში, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატებიდან ან ჩინეთიდან გავრცელდნენ, სადაც Solenopsis invicta ასევე ინვაზიური სახეობაა.
„წითელი ცეცხლოვანი ჭიანჭველები შეიძლება მთელ ევროპაში მალე გავრცელდნენ, რადგან, კვლევის შედეგად შედგენილი მოდელის მიხედვით, კონტინენტის 7%-ს - მათ შორის დიდ ურბანულ რაიონებს, როგორიცაა ბარსელონა, რომი, ლონდონი და პარიზი - მწერის ამ სახეობისთვის შესაფერისი კლიმატი აქვს,“ - წერენ ექსპერტები.
გაეროს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ინვაზიური მწერის სახეობებთან ბრძოლა ყოველწლიურად, მინიმუმ, 423 მილიარდი დოლარი უჯდება, რადგან მწერები იწვევს მცენარეთა და ცხოველთა გადაშენებას, რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას და ააქტიურებს ეკოლოგიურ კატასტროფებს მთელს მსოფლიოში.
0
0