26/11/2024
10:25
მსოფლიო
წითელ ზღვაში, ეგვიპტის კურორტ მარსა-ალამის მახლობლად ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა. მის ბორტზე 34 ტურისტი და ეკიპაჟის 14 წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ეგვიპტის სანაპირო დაცვამ 28 ადამიანის გადარჩენა შეძლო, 17 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
იახტა Sea Story წითელ ზღვაში 5-დღიან კრუიზში იმყოფებოდა. გვიან ღამით მან სიგნალი SOS გააგზავნა. იმ მომენტში წითელ ზღვაში შტორმი იყო და ქარის სიჩქარე 60-70 კმ/სთ-ს აღწევდა. კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ეკიპაჟის ყველა წევრი ეგვიპტის მოქალაქეა. მგზავრებს შორის დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ბელგიის, სლოვაკეთის, აშშ-ის და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.
წელს მარსა-ალამის მახლობლად კიდევ ორი მსგავსი ინციდენტი მოხდა. მაშინ ის მსხვერპლის გარეშე დასრულდა. ივნისში ფრანგი ტურისტებით სავსე იახტა ამოყირავდა. ნოემბერში კი ტურისტული გემიდან მაშველებმა 30 ადამიანი გადაარჩინეს.
0
0