უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ განმარტა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონმდებლობის შემუშავების დეტალები.
მისი თქმით, "ფარას" მიხედვით, ფულის გადმორიცხვა საჭირო არ არის რეესტრში მოსახვედრად, თუ ამას აშშ-ის შესაბამის ორგანო გადაწყვეტს, რაც მათთვის საკმაოდ მკაცრი რეგულაცია იყო და ამიტომ არ გამოიყენეს ქართულ ვერსიაში.
ამასთან მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს მიმართა და შესთავაზა, თუ ისინი თანახმა იქნებოდნენ, ზუსტად იგივე დისკრეცია ჩაწერილიყო ქართულ კანონპროექტში, რაც "ფარა-ში" არის მოცემული.
"წერია "ფარა-ში", რომ თუ არის დირექტივა, მითითება, ვიღაცის კონტროლი და ა.შ. ამ შემთხვევაში, არცერთი ცენტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ რეესტრში მოხვდე, განსხვავება ეს არის. თუ მიიჩნია ვიღაცამ, აშშ-ის შესაბამისმა ორგანომ, რომ ეს ორგანიზაცია მოქმედებს ამა და ამ უცხოური ორგანიზაციის გავლენით, დირექტივით, კონტროლით და ა.შ. ის მოხვდება ამ დისკრეციის შესაბამისად "ფარას" რეესტრში. ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან გაცილებით მკაცრი რეგულაციაა. ამიტომ, ავიღეთ "ფარას" იგივე კომპონენტი, რომლის შემთხვევაში მედიასაშუალებებზე იყო 20%-იანი დათქმა. თუ გნებავთ, ჩავწეროთ დისკრეცია და ახლავე, თანახმა ვარ, რომ ზუსტად იგივე დისკრეცია ჩავწეროთ, რაც წერია "ფარა-ში". წინადადებას გთავაზობთ, რაც წერია შტატების კანონმდებლობაში ამასთან დაკავშირებით, ამ მუხლთან დაკავშირებით ჩავწეროთ სიტყვა სიტყვით? მეთანხმებით თუ არა?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0