მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, სოციალური ქსელით მიმართვას ავრცელებს და წერს:
📢 განგაშის ზარები!!!
,,წინ აღუდეგით ბოროტსა
და ივლტოდეს თქვენგან"
🔶️ მივმართავ ყველა იმ ადამიანს
ვისაც თავი ქრისტიანად მიაჩნია.
რელიგიური გულგრილობის თვალსაზრისით მდგომარეობა კრიტიკულად საგანგაშოა.
ჩვენ გვახსოვს როგორ შეურაცხყვეს წლების წინ ღმრთისმშობელი, მაგრამ არ მოყვა შესაბამისი რეაგირება საზოგადოებისგან და ვისაც ეს ევალებოდა და ხელეწიფებოდა, სწორედ ამიტომ დღეს ისევ აგრძელებენ სიწმინდეების შეურაცყოფას, ლიბერალურმა ძალებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს მათი იდეოლოგიის მკვეთრად ანტიქრისტიანული არსი, რაც დასაგმობია ყველა მართლმადიდებელი მოწმუნის მხრიდან.
გვახსოვს ეკლესიის ავტორიტეტის შელახვის უამრავი მცდელობა, ჩვენს გარეშე ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. მოგიწოდებთ ყველას, რომ ვაღიაროთ ჭეშმარიტება წინაშე კაცთა, რათა უფალმა დუმილის გამო არ უარგვყოს წინაშე ანგელოზთა ცისათა.
უნდა გვახსოვდეს რომ უფალმა სიტყვით შექმნა სამყარო და ქრისტიანებსაც უძლეველ იარაღად მოგვცა მართლმკვეთელი სიტყვა, რომლითაც ერთობით უნდა ემხილოს ბოროტება, რადგან ერთობა გადამდებია როგორც ბოროტებაში ასევე სიკეთეში და ეს პირველ რიგში სასულიერო პირების მოვალეობაა, რადგან ხშირად მორწმუნეთა ნაწილი თავს იკავებს ჩვენი შემყურე, ნაწილი კი ორჭოფობს და ფიქრობს რომ ამის მოგვარება თითქოსდა ხელისუფლებასაც სურს, მაგრამ უცხოეთიდან ზეწოლის გამო მკვეთრ ნაბიჯებს ვერ დგამს.
თუ კი ხელისუფლების ეს სურვილი გულწრფელია, მაშინ ჩვენი აქტიურობა მას ხელს შეუწყობს, რომ ზეწოლის წნეხი რამდენადმე შემცირდეს, ხოლო თუ ეს არის თამაში ეკლესიის ვითომდა ლიბერალური ოპოზიციისგან დაცვისა, სინამდვილეში კი ,,ვერ" დაცვისა და მასთან ერთობლივი ბრძოლისა, მაშინ ჩვენ მოსარიდებელი არაფერი გვაქვს.
მესმის რომ ბევრისთვის სასულიერო პირთა ჩარევა პოლიტიკაში მიუღებელია, მაგრამ როგორც სულსა და ხორცს აქვთ თანაკვეთა ასევე აქვთ თანაკვეთა სახელმწიფოსა და ეკლესიას და როცა სახელმწიფო იღებს არამარტო ერის ფიზიკურად გამანადგურებელ, არამედ სულის დამღუპველ კანონებსაც მაშინ ყველას მოვალეობაა ხმა აღიმაღლოს. - წერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.
0
0