22/01/2025
22:05
პოლიტიკა
წარმოუდგენელია, რაღაცას ვაკეთებდე, ხელფასს ვიღებდე და საიდანაც ხელფასს ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე - ანუ შენი აღქმით, რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულებაში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ... ჩემი აზრით, ეს ამორალურია! - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რა პროცესიც აღნიშნული ცენტრის თანამშრომელთა ინფორმაციით იმის გამო დაიწყო, რომ მათ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს.
მდინარაძის თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარე ჩათვლის, რომ კვლევითმა ცენტრმა "აუთსორსზეც" მშვენივრად შეიძლება იმუშაოს", ის ასეთ გადაწყვეტილებას დაეთანხმებოდა.
მდინარაძის თქმით, ის აღნიშნული ცვლილებების თაობაზე ინფორმირებული არ არის.
„აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ არ ვიცი და არც არის ჩემი საქმე. გუშინ ვნახე ნიუსი - პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს ათავისუფლებენო.
თუ პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხარჯები შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით არაადეკვატურია, ეს (ცენტრის ლიკვიდაცია) სწორი გადაწყვეტილება იქნება.
ჯერ მორალურ და შემდეგ სამართლებრივ მხარეზე გეტყვით. არსებობს მაგალითად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უწყებები, რომლის აქციაზე მორბენალი თანამშრომელი ამ საფუძვლით შეიძლება გაათავისუფლონ, მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, თუ საკითხის მორალური მხარე გაინტერესებთ, თუ ადამიანი ხელფასს ისეთ რაღაცაში იღებ, რისიც არ გჯერა, ეს არის საშინელება და უბედურება.
ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ რაღაცას ვაკეთებდე, ხელფასს ვიღებდე და თან საიდანაც ხელფასს ვიღებ, იმ უწყებას ვებრძოდე.
წარმოიდგინეთ მორალური მხარე და ეს ფორმალურ-სამართლებრივ მხარეში არ აურიოთ - პარლამენტის კვლევითი ცენტრის თუ ნებისმიერი სხვა უწყების თანამშრომელი აქ მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, რაღაცას აკეთებს და შემდეგ აქციიდან პარლამენტს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს ამორალურია ანუ შენი აღქმით რაღაც საზიზღარ რუსულ დაწესებულში ზიხარ, შენს აღქმაში მთელი დღის განმავლობაში პუტინს ემსახურები, მერე ქუჩაში გადიხარ და პუტინის მსახურებას გარედან აპროტესტებ...
წარმოუდგენელია! - ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლო, უნდა მოუწოდო, რომ ასეთი უბედური სამსახური თავად დატოვოს.
რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, თუ მიზეზი რეორგანიზაცია გახდა, რეორგანიზაციაში ჩვენი მომხრეც და მოწინააღმდეგეც მოყვება. თუ სამსახური გაუქმდა, რა მნიშვნელობა აქვს, იქ თქვენი აზრით ყველა „ნაცი“ მუშაობდა?!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა დასაქმებულ პირებს აცნობა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება პარლამენტის კვლევითი ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ.
როგორც პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრის ხუთი თანამშრომლის საჯარო აქტიურობას ეფუძნება, რომელთაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები აღნიშნულს საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიმართ დაწყებულ რეპრესიებად და შიშის დანერგვის მცდელობად აფასებენ.
ცნობისთვის, პარლამენტის კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ის ამ ფორმითა და სტატუსით 2018 წლიდან ამოქმედდა. პარლამენტის კვლევითი ცენტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო, რომელიც კვლევითი ცენტრის მიზნად პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას ასახელებდა.
პარლამენტის კვლევით ცენტრს თავდაპირველად გიორგი ხელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2020 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატი გახდა, ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებული პროცესების შემდეგ კი, სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა.
0
0