
“დიახ, ლამის ქართულ წესად იქცა, რომ ნებისმიერი მოვლენა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ეს კატასტროფაა! ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს გამოწვევებს და ვერ შეძლებს წინსვლას საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე" - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენთან სასწაული ხდება - ნებისმიერი პრობლემა ეგრევე დაპირისპირებას იწვევს. ის ნაპრალი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. მოგეხსენებათ, არაერთხელ მოვუბოდიშე საზოგადოებას გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებში მონაწილეობის გამო. ბოდიშს იმიტომ ვიხდი, რომ თვალნათლად დავინახე, საზოგადოების გახლეჩამ და დაპირისპირებამ რა მოიტანა. ის ჭრილობა, რომელიც მაშინ გაჩნდა, დღემდე შეუხორცებელია და მას ახალ-ახალი ემატება. ვერაფრით ვერ შეივსო, ვერც ომმა, ვერც უბედურებამ ვერ მოაშუშა ბოლომდე. ისეთი პოლიტიკური ძალაც ვერ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც კონსოლიდაციაზე იზრუნებდა. სხვათა შორის, “ქართულ ოცნებას” თავიდან ჰქონდა ამის ცდა, თუმცა ამან მახინჯი ფორმა მიიღო ამ ე.წ. კოაბიტაციის სახით, თან მეორე მხარემაც ვერ დაინახა ეს და არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი. ნელ-ნელა უფრო გაუარესდა ვითარება და დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ”, - ამბობს მამუკა არეშიძე.
მისივე თქმით, საქართველოში სასწაულად ნეგატიური ფონია.
“ერთმანეთთან დაპირისპირება, გინება, გაუტანლობა და ა.შ. ყველაფერს პოლიტიკურ შინაარსს ვაძლევთ. წარმოუდგენელი ვითარებაა.... ასეთი ტრაგედიის დროს როგორ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი?! რა საჭირო იყო იმის მოგონება, რომ თურმე კალაძემ წინასწარ იცოდა და თავისი შვილები ვერტმფრენით გამოარიდა საფრთხეს? თავის მხრივ, ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განცხადებებიც არანაკლებ მიუღებელი და არასწორი იყო. მახსოვს, 2008 წლის ომის დროს ოპოზიციამ ერთხმად განაცხადა, რომ აცხადებდა მორატორიუმს ხელისუფლების კრიტიკაზე, რამაც საზოგადოებაში ძალიან დადებითი რეაქცია გამოიწვია.
ახლაც უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე ასეთი მძიმე დღეებია, ოპოზიციაში ეთქვათ, რომ ოპონირებას წყვეტენ დროებით და შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის დახმარება. კრიტიკის ნაცვლად თავიანთი ინიციატივები შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის და ეს ამომრჩეველზეც კარგად იმოქმედებდა. კრიტიკა და საქმის გარჩევა ამ მძიმე დღეების მერე შეეძლოთ გაეგრძელებინათ”, - აცხადებს არეშიძე ”კვირის პალიტრასთან".
0
0