18/12/2024
22:39
პოლიტიკა
ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? - ეს არის ჯარის და ყველა იმ ადამიანის დამცირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს იცავდა რუსეთისგან , - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც სარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია, არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ ღიად პრორუსი.
„წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმ ოფიცრების და გენერალიტეტის, რომელიც ყაველაშვილს დაუდგება და ფიცს ჩააბარებს - არალეგიტიმურ ადამიანს, რომელიც არის ღიად გამოცხადებული პრორუსი, რომელიც აგინებს და აფურთხებს ქვეყანას, რომელზეცაა დამოკიდებული ტრენინგი, წვრთნა, განათლება, შეიარაღება. „ქართულ ოცნებას“ რა წარმოუდგენია, რომ ყველაფრის დამცირება შეიძლება და ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? - ამაზე იფიქრონ ჩვენმა გენერლებმა. ეს არის ჯარის და ყველა იმ ადამიანის დამცირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს იცავდა რუსეთისგან”, - განაცხადა დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საფრთხის ქვეშაა უდიდესი მნიშვნელობის სიმბოლო.
„ეს მაფიქრებს მე, რომ რამხელა მნიშვნელობის სიმბოლოა საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა ძალით გამოიყვანოს ჯარი და ფიცი დაადებინოს იმ ადამიანის წინაშე, რომელსაც არა თუ ლეგიტიმაცია არ აქვს, არამედ არის გათლების გარეშე, უდიპლომო, რუსეთუმე. პარლამენტში რომ ვუყურებდი, გინება, შეურაცხყოფა, ფურთხება, ყველაფერი ამის სიმბოლო იყო ეს ადამიანი მთელი წლების განმავლობაში. უწიგნური, რომელიც ამბობს, რომ „სამშობლოს ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება“, ჯართან როგორ უნდა დადგეს?“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
0
0